ისტორიაში პირველად, 3D პრინტერით თევზის ფილე დაბეჭდეს
ისრაელში არსებულმა კომპანიამ Steakholder Foods სამგანზომილებიანი ბიოპრინტერისა და ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებული უჯრედების გამოყენებით თევზის ხორცი დაბეჭდა, რაც მსოფლიოში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ზღვის ქორჭილას ბიოლოგიური მასალით ისინი Umami Meats-მა მოამარაგა.
"მოხარული ვართ, რომ Umami Meats-თან თანამშრომლობით, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, 3D პრინტერით დაბეჭდილი, თევზის სტრუქტურირებული პროდუქტები შევქმენით, რომელთაც ტრადიციული მეთოდებით დაჭერილი თევზის მსგავსი გემო და ტექსტურა აქვს", — ამბობენ Steakholder Foods-ში.
მათ ამ მოვლენის აღსანიშნად დეგუსტაციაც გამართეს და ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ხორცით დამზადებული კერძები წარადგინეს. Umami Meats-ში აცხადებენ, რომ თევზის ამგვარი ფილეს ბაზარში შეტანა სურთ. გეგმებს საზოგადოებას ისინი მომდევნო თვეებში გააცნობენ. აღსანიშნავია, რომ დაბეჭდვის პროცესსა და დეგუსტაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც დაესწრო.
კომპანია Steakholder Foods-ში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი მიღწევა იყო პრინტერის ბიოსაღებავების მორგება უჯრედულ ხაზებზე, რაც ამგვარი ტექნოლოგიის კომერციალიზაციისკენ წინ გადადგმული მნიშვნელობანი ნაბიჯია. მათი აზრით, თევზის ეს ფილე მომხმარებელთა მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ისინი ახალ პარტნიორებთან ერთად მომავალში თევზების უფრო მეტი სახეობის ბიოლოგიური მასალის გამოყენებას გეგმავენ.
ამ და სხვა კომპანიებში ცდილობენ, რომ ალტერნატივა შექმნან ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის, რომლებიც ეთიკური მიზეზების გამო ხორცის ჭამაზე უარს აცხადებენ. ახლა მათ უკვე შეუძლიათ, მსგავსი საკვები ცხოველებისთვისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე მიიღონ.
კომენტარები