აფეთქების მიუხედავად, ექსპერტები Starship-ის ბოლო მისიას წარმატებულად მიიჩნევენ — რატომ
ერთი შეხედვით, რაკეტა, რომელიც ორბიტაზე გასვლამდე ფეთქდება, წარუმატებელი მისიის ნაწილია — თუმცა, ნუ იჩქარებთ!
სწორედ ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც Starship-ის სადებიუტო ფრენა შედგა. გაშვებიდან, რაკეტა რამდენიმე წუთში აფეთქდა, მაგრამ ეს სულაც არ არის ტრაგედია!
ჩვენ ვიცით, რომ ფრენიდან სულ რაღაც ოთხ წუთში რაკეტამ კურსიდან გადახვევა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იყო მიმაგრებული მის მასიურ გამაძლიერებელზე. საბოლოოდ, გიგანტურმა უჟანგავი ფოლადის სტრუქტურამ უკონტროლო მოძრაობა დაიწყო, რამაც საბოლოოდ მისი აფეთქება გამოიწვია.
დიახ, ეს ერთი შეხედვით წარუმატებლობად მოგეჩვენებოდათ, მაგრამ როგორც სტატიის თავში უკვე აღვნიშნეთ, ნუ ვიჩქარებთ. . .
ეს მსგავსი პირველი მცდელობა იყო და თავად რაკეტის გაშვებაც კი წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანია სწორ გზაზეა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტა სულ უფრო ქმედითუნარიანი ხდება.
შესაბამისად, SpaceX-მა და მისმა ხელმძღვანელობამ მოვლენა შეაფასა, როგორც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.
"შემდეგი სატესტო გაშვებისთვის უფრო მომზადებულები ვიქნებით, ამით ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ", — დაწერა SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ტვიტერზე.
"წარმატება მსგავსი გამოცდილებებიდან მოდის. ის რაც დღეს ჩვენ მივიღეთ, უზარმაზარი ინფორმაციაა. ეს დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ Starship-ის მომავალი ფრენები", — აღინიშნა კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშიც.
ერთი სიტყვით, ხუთშაბათის გაშვება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ამაზე ექსპერტებიც თანხმდებიან.
"ზოგიერთი ფიქრობს, რომ Starship-ის სატესტო გაშვება წარუმატებელი იყო, რადგან ის საბოლოოდ აფეთქებით დასრულდა. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ეს საცდელი მისია იყო და ასეთ დროს მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. სატესტო ფრენა გამიზნულია სისტემის გასაუმჯობესებლად. იმ შემთხვევაში თუ მისია ყველაფერს მოიცავს, ის სატესტო არც იქნება. ბილ გეიტსის პერიფრაზით რომ ვთქვათ — წარუმატებლობისგან უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე წარმატებისგან", — აღნიშნა პოპი ნორთკატმა, რომელიც NASA-ში აპოლოს მისიებზე მუშაობდა.
SpaceX-ის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა ჯერ კიდევ თებერვალში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ "რეალური მიზანი გაშვების წარმატებით შესრულებაა".
"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რაკეტა საერთოდაც არ აფეთქებულიყო, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი გაშვების წარმატებით შესრულება გახლდათ და ეს შესრულდა", — აღნიშნა მეცნიერების კომუნიკატორმა და PBS-ის წამყვანმა სვოპნა კრიშნამ.
საბოლოოდ, კომპანიისთვის ფსონები წარმოუდგენლად მაღალია. SpaceX-ის უმძლავრესი ხომალდი წარმოადგენდეს რევოლუციურ შესაძლებლობას, რომელიც კოსმოსის ათვისებაში უნდა დაგვეხმაროს. პირველ რიგში, ეს მთვარეზე ადამიანის დასმაა და შემდეგ კი, როგორც მასკს სურს, მარსის კოლონიზაციაა. სწორედ ამ მისიებისთვისაა გათვლილი Starship.
კომენტარები