ნახეთ: ახალი რუკა გვიჩვენებს, როგორაა სამყაროში ბნელი მატერია განაწილებული
ბნელი მატერია სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია, რომლის შესწავლასაც მეცნიერები მრავალი წელია, ცდილობენ. მის შესახებ მეტის გაგება კოსმოსის სტრუქტურასა და ევოლუციაზე ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის, თუმცა ეს მარტივი არაა.
ასტრონომებმა ახლახან მისი დეტალური რუკა შექმნეს, რაც ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის მონაცემებზე დაყრდნობით მოახერხეს. გამოსახულება გვიჩვენებს, როგორაა ის განაწილებული ღამის მთლიანი ცის მეოთხედზე. აღსანიშნავია, რომ ეს რუკა აინშტაინის თეორიის სისწორესაც ადასტურებს, რომელიც კოლოსალური კოსმოსური სტრუქტურების გავრცელებასა და სინათლის გამრუდებას ეხება.
"ჩვენ ცის გასწვრივ, უდიდეს დისტანციებზე არსებული უხილავი ბნელი მატერიის რუკა შევქმენით. ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული ამ უხილავი სამყაროს მახასიათებლებს მკაფიოდ ვაფიქსირებთ. ის სწორედ ისეთია, როგორსაც თეორიები პროგნოზირებდა", — აცხადებენ ავტორები.
ტელესკოპის მონაცემებს 160-ზე მეტი ადამიანი აანალიზებდა, თუმცა ბნელი მატერიის მახასიათებლების იდენტიფიცირება ძნელია. ის სინათლესთან ან სხვა ნებისმიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან არ ურთიერთქმედებს, რასავ ვერ ვიტყვით გრავიტაციაზე, რომელიც მასზე გვაწვდის ინფორმაციას.
ასტრონომებმა იმ დროინდელი გამრუდებული სინათლე გამოიკვლიეს, როცა სამყარო სულ რაღაც 380 000 წლის იყო. მას კოსმოსური მიკროტალღური ფონი ეწოდება, რადიაცია, რომელზეც უზარმაზარი სტრუქტურების გრავიტაცია გამადიდებელი შუშასავით ზემოქმედებს, მათ შორის ბნელი მატერია.
უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი შედეგები მნიშვნელოვანია ე,წ. კოსმოლოგიური კრიზისის საკითხის მხრივაც, რაც სამყაროს გაფართოების გაზომვისას მაჩვენებლების შეუთავსებლობას გულისხმობს. ამის გამო მიიჩნეოდა, რომ სტანდარტულ მოდელში ბნელი მატერიის შეჯგუფებების ზომა არასწორად იყო პროგნოზირებული, ავტორთა კვლევა კი მიანიშნებს, რომ ეს ასე არაა.
კომენტარები