ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ასაკიანები არიან, ვიდრე რეალურად — კვლევა
ადამიანები, რომელთაც ფსიქიკური დაავადებების — დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობები და სხვ. — ისტორია აქვთ, ბიოლოგიურად იმაზე დიდი ასაკის არიან, ვიდრე ქრონოლოგიურად. მეცნიერებმა ეს სისხლის მეტაბოლიტების მეშვეობით დაადგინეს, კვლევა კი ევროპის ფსიქიატრიის 31-ე კონგრესზე წარადგინეს. ინფორმაციას ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია (EPA) ავრცელებს.
მეტაბოლიტი მეტაბოლიზმში მონაწილე ანდა ისეთ ნივთიერებას ეწოდება, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში გამოიყოფა. კვლევის ავტორთა მიგნება შეიძლება იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ რატომ ცოცხლობენ შედარებით ცოტახანს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ანდა რატომ იტანჯებიან ისინი ასაკთან დაკავშირებული დაავადებებით სხვებზე ხშირად.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებმა, დოქტორმა ჯულიან მუცმა და პროფესორმა კეტრინ ლუისმა, UK Biobank-ის 110 780 მონაწილეში სისხლის 168 სხვადასხვა მეტაბოლიტის მონაცემები შეისწავლეს. ეს მონაცემები მათ ინფორმაციას დაადარეს იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა ადამიანებს ფსიქიკური დაავადებების ისტორია.
შედეგი ასეთია: მეტაბოლიტთა პროფილის მიხედვით, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები ბიოლოგიურად იმაზე დიდები აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი ქრონოლოგიური ასაკის მიხედვით უნდა ყოფილიყვნენ.
"უკვე შესაძლებელია, ადამიანების ასაკი სისხლის მეტაბოლიტების მეშვეობით ვიწინასწარმეტყველოთ. აღმოვაჩინეთ, რომ ფსიქიკური დაავადების ისტორიის მქონე ადამიანებს მეტაბოლიტების ისეთი პროფილი ჰქონდათ, რომელიც მიანიშნებდა, რომ ისინი რეალურ ასაკზე დიდები იყვნენ. მაგალითისთვის, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში სისხლის მარკერები იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი თავიანთ ქრონოლოგიურ ასაკზე დაახლოებით ორი წლით დიდები იყვნენ", — განაცხადა კონგრესზე ჯულიან მუცმა, კვლევის ხელმძღვანელმა.
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად ფიზიკურად ნაკლებად ჯანმრთელები არიან და ნაკლებ ხანსაც ცოცხლობენ, ამ უარესობის ხარისხი კი თავად მენტალურ პრობლემაზეა დამოკიდებული. ასეთ ადამიანებს უფრო მაღალი აქვთ ხოლმე რისკი, რომ სხვადასხვა დაავადება განუვითარდეთ, მაგალითად, გულის პრობლემები ან დიაბეტი, ეს კი ხშირად ასაკის მატებასთან ერთად უარესდება.
სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილ ტენდენციას 2019 წელს ჩატარებული კვლევაც ამყარებს: ფსიქიკური პრობლემების მქონე კაცები საშუალოდ დაახლოებით 10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ქალები კი — 7 წლით.
"ჩვენი მიგნებები ცხადყოფს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა სხეულები ხშირად იმაზე ასაკიანია, ვიდრე მათი ასაკის ინდივიდისთვისაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ამან ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ყველა განსხვავება არ ახსნას მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებსა და ამ მხრივ ჯანმრთელ პოპულაციას შორის, თუმცა ნამდვილად ნიშნავს, რომ ბიოლოგიური დაბერების დაჩქარება მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს", — აცხადებს მუცი.
ამას გარდა, კვლევის ავტორი მიგნების პრაქტიკულ მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
"თუკი შევძლებთ და ბიოლოგიური დაბერების სამეთვალყურეოდ ამ მარკერებს გამოვიყენებთ, შესაძლოა ისიც შეიცვალოს, თუ როგორ ვადევნებთ თვალს ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანთა ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე როგორ ვაფასებთ ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაღებული ძალისხმევის ეფექტიანობას", — დასძენს ის.
კომენტარები