აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა სურთ — სენატში შოუ ჩიუს დაკითხვის კონტექსტი და დეტალები
ტიკტოკის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ჩიუმ ხუთშაბათს, 23 მარტს კონგრესს ჩვენება მისცა. აშშ-ში სოციალური ქსელით შეშფოთებულები არიან. სწორედ ამიტომ, გუშინ შოუ კონგრესმენების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
აღსანიშნავია, რომ შეკითხვები საკმაოდ უხეში და ხშირად აგრესიულიც იყო. კონგრესმენები ტიკტოკს მონაცემების არასახარბიელოდ მართვაში, მომხმარებლებზე ნაკლებად ზრუნვასა და ზოგადად, შესაძლებლობების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
გაჟღერდა ბრალდებები ჩინეთის მიმართაც. სენატორები ჩინეთის ფაქტორს ეჭვის თვალით უყურებენ და ეს არც შოუსთვის დაუმალავთ.
მიუხედავად ამისა, შოუ ცდილობდა სენატორებისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი კომპანია ამერიკელების მონაცემებს ბოროტად არ იყენებს. მან კანონმდებლებს განუცხადა, რომ ისინი ამ მხრივ ჩინეთის მთავრობის დავალებებს არ ასრულებენ და აშშ-ის მომხმარებლების მონაცემები ისევ აშშ-ში რჩება. მან ამაში იგულისხმა ის, რომ ეს მონაცემები იმ სერვერებზე ინახება, რომელიც სწორედ რომ ამერიკის მიწაზეა.
მიუხედავად ამისა, სენატორები სკეპტიცისზმით უსმენდნენ შოუს და მათი უნდობლობა აშკარა იყო.
"თქვენი პასუხები არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ გვინდა გავიგოთ კი, ან არა, მაგრამ ვიღებთ ბუნდოვან ტექსტს. თქვენ მე მარკ ცუკერბერგს მახსენებთ, ისიც ასე საუბრობდა. ეს სიტყვებით ცეკვას ჰგავს და ბუნდოვანია", — უთხრა შოუს სენატორმა ტონი კარდენასმა.
"თქვენი პლატფორმა უნდა აიკრძალოს", — თქვა დეპუტატმა კეტი მაკმორის როჯერსმა, კონგრესის ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
დაისვა უცნაური შეკითხვებიც, მაგალითად, როგორიცაა "უკავშირდება თუ არა ტიკტოკი სახლის Wi-Fi ქსელს?"
ტიკტოკის აღმასრულებელი დირექტორი ამ მართლაც უცნაურმა შეკითხვამ დააბნია. მან სენატორს უპასუხა, რომ სოციალური ქსელი არაფერ კრიმინალურს არ აკეთებს და ზოგადად მისი გამოყენებისთვის ინტერნეტია საჭირო. კონგრესმენი პასუხმა არ დააკმაყოფილა და თავისი უცნაური შეკითხვა კიდევ უფრო ჩახლართული გახადა — რაიმე სხვა მოწყობილობებს ხო არ უკავშირდება თქვენი სოციალური ქსელიო.
იყო პირდაპირი ბრალდებებიც, სადაც ტიკტოკი დანაშაულის წახალისებასა და ამ მხრივ პრევენციული ზომების არ მიღებაში დაადანაშაულეს. სოციალური ქსელის აღმასრულებელ დირექტორს სხდომაზე რამდენიმე ვიდეოც ჩაურთეს, რომელიც დანაშაულის წახალისებასთან იყო დაკავშირებული და ისინი ტიკტოკმა თავის დროზე არ დაბლოკა.
იყო ისეთი მწვავე კითხვები, სადაც შოუს პირდაპირ მოსთხოვეს ეთქვა იღებდა თუ არა ის პასუხისმგებლობას იმ უარყოფით შედეგებზე, რაც სოციალურ ქსელს აქვს. საინტერესოა, რომ ამაზე შოუმ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მისი კომპანია ზრუნავს თავის მომხმარებლებზე.
რა ხდებოდა დაკითხვამდე
აღსანიშნავია, რომ მოსმენა გაიმართა ტიკტოკის მონაცემების უსაფრთხოების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე. 2020 წელს აშშ-ის მთავრობამ ტიკტოკს მოუწოდა გაეყიდა თავისი ამერიკული ოპერაციები ამერიკულ კომპანიაზე, მაგრამ გარიგება ვერ შედგა. ტრამპის ადმინისტრაციამ თავის დროზე ტიკტოკი სამთავრობო მოწყობილობებიდან აკრძალა კიდევაც. მაშინ ამის მიზეზი კომპანიის სავარაუდო კავშირები იყო ჩინეთის ხელისუფლებასთან.
ტიკტოკის მფლობელი კომპანია ByteDance დაფუძნებულია კაიმანის კუნძულებზე და მისი სათავო ოფისი პეკინშია. ამიტომ, სოციალური ქსელის შესახებ შეკითხვებია — ბევრს მიაჩნია, რომ ჩინეთის მთავრობას და დაზვერვის სამსახურებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ბერკეტები გამოიყენონ ByteDance-ის მიმართ, რათა მიიღონ წვდომა ტიკტოკის მომხმარებლის მონაცემებზე. ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში ამ მომენტისთვის დაახლოებით 150 მილიონი აქტიური ტიკტოკის მომხმარებელია.
საპასუხოდ ჩიუმ აღნიშნა, რომ მისი კომპანია მზად არის იყოს სრულიად გამჭვირვალე და მონაცემები, რასაც ის აგროვებს არაა იმაზე მეტი, ვიდრე ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მიერ მოპოვებული.
ჩიუს სიტყვები მხოლოდ სიტყვები არ არის. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დაიქირავა უსაფრთხოების ახალი ოფიცერი და მომხმარებლების ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ მუშაობა განაახლა.
რა არის რეალური პრობლემა?
ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს აშშ-ს მთავრობასთან დიდი ხნის დაპირისპირების ისტორია აქვთ. აშშ-ის ხელისუფლებაში ეჭვი აქვთ, რომ ეს კომპანიები ჩინეთის ხელისუფლებისთვის სადაზვერვო სამსახურს ეწევიან. და ეს კიდევ კარგ შემთხვევაში — არიან სენატორები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს კომპანიები ჩინეთის მიერ სპეციალურად არის შექმნილი რათა აშშ-ს ზიანი მიაყენონ.
ამ პროცესების შედეგი იყო 2019 წელს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ Huawei-ის მიმართ გატარებული სანქციები. მაშინ კომპანიის ელექტრონიკის იმპორტი აშშ-ში შავ სიაში შეიყვანეს. მეტიც, აშშ-დან იგივე მოუწოდეს ევროპის მოკავშირე ქვეყნებსაც.
ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ტიკტოკის ძალისხმევა საკმარისი კანონმდებლებისა და მარეგულირებლების დასაკმაყოფილებლად. ერთი რამ კი ცხადია — კომპანიის დირექტორის გუშინდელი სიტყვით გამოსვლა და შეკითხვებზე პასუხები იმის ნიშანია, რომ ტიკტოკი სერიოზულად ეკიდება მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხს. თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება საკმარისი არ იყოს.
კომენტარები