კომპიუტერული გრაფიკა ერთი ხელის მოსმით — AI სტარტაპი VFX სტუდიის ბრაუზერში გადატანას გეგმავს
პლატფორმა დამოუკიდებელ ან მოყვარულ რეჟისორებს საშუალებას აძლევს, ფილმებში ვიზუალური ეფექტები და CG პერსონაჟები გამოიყენონ.
თანამედროვე კინოსთვის საჭირო ინსტრუმენტები უმეტესად ხელმისაწვდომია დამოუკიდებელი და თუნდაც, მოყვარული რეჟისორებისთვის. თუმცა ეს არ ვრცელდება რეალისტურ CG, ანუ კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით შემუშავებულ პერსონაჟებზე, რომელთა შექმნა და ფილმში გამოყენება ჯერ კიდევ კოლოსალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ მაღალბიუჯეტიანი ფილმების პრეროგატივაა.
სტარტაპი Wonder Dynamics ამის შეცვლას აპირებს. ამისათვის გუნდს შემუშავებული აქვს პლატფორმა, რომელიც CG პერსონაჟების შექმნას ერთი ხელის მოსმით, უმარტივესად ხდის შესაძლებელს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ვიდეო/ფილმი უკვე გადაიღეთ და ვიდეოში მონაწილე ადამიანი გინდათ კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შეცვალოთ — აქციოთ რობოტად, უცხოპლანეტელად, კონკრეტულ ცხოველად ან თქვენ მიერ უკვე შექმნილ 3D პერსონაჟად.
ეს შეიძლება შეუძლებელ დაპირებად მოგეჩვენოთ. განსაკუთრებით, თუ CG ეფექტების ფასებსა და სპეციფიკაზე გაქვთ წარმოდგენა. თუმცა, ეს სკეპტიციზმი ოდნავ მაინც შეირყევა თუ Wonder Dynamics-ის ვებზე დაფუძნებულ ვიდეოედიტორს შეავლებთ თვალს. ეს შორსაა გასართობი AR ფილტრებისგან. პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც ვიდეოში ჩანს, კონკრეტული CG პერსონაჟის გამოსახულება მოარგოს. ამის შემდეგ კი უზრუნველყოს ის, რომ შექმნილმა პერსონაჟმა ვიდეოში არსებული ადამიანის ყველა მოძრაობა თუ მიმიკა გაიმეოროს.
როგორც პლატფორმის ერთ-ერთი შემქმნელი — ტაი შერიდანი TechCrunch-თან საუბარში ამბობს, "მიზანი იყო ხელოვანებისთვის გამოსადეგი ინსტრუმენტის შექმნა, მათ გასაძლიერებლად. მას, ვისაც დიდი ოცნებები აქვს ყოველთვის არ აღმოაჩნდება ხოლმე რესურსები მათ ასასრულებლად". შერიდანი სტივენ სპილბერგის Rey Player One-ის ადაპტაციაში მონაწილეობდა. შესაბამისად, ის კარგად იცნობს CG-ის დახმარებით გადაღების სირთულეს. ამასთან, Wonder Dynamics-ში მიიჩნევენ, რომ ინსტრუმენტის მიზანი არა CG-ზე მომუშავე ადამიანების ჩანაცვლება, არამედ ნაკლები რესურსის მქონე არტისტების ხელშეწყობაა.
Wonder Dynamics-ის გუნდმა 2021 წლის დასაწყისში, seed round-ში 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რასაც იმავე წელს 10 მილიონი დოლარის მოზიდვაც მოჰყვა.
ამ ეტაპზე პლატფორმა დახურული ბეტა წვდომის რეჟიმში აძლევს მსურველებს პროდუქტის დატესტვის შესაძლებლობას. უცნობია, ზუსტად როდის დაიწყებს პლატფორმა სრულფასოვან ფუნქციონირებას. თუმცა, სავარაუდოდ, აქამდე დიდი დრო არ გვაშორებს.
კომენტარები