მთვარის შორეულ მხარეს რადიოტელესკოპს გაუშვებენ, რომელიც სამყაროს ბნელ ეპოქას დააკვირდება
მთვარის შორეულ მხარეს, რომელიც დედამიწიდან უხილავია, მცირე ზომის რადიოტელესკოპის გაგზავნა იგეგმება. LuSEE-Night-ის სახელით ცნობილი ობსერვატორია სამყაროს წარსულის შესწავლაში დაგვეხმარება.
ტელესკოპს, მთვარის კერძო დასაშვებ მოდულთან ერთად, ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე 2025 წელს გაუშვებენ. ციური სხეულის ზედაპირზე განთავსების შემდეგ ის კოსმოსის ბნელი ეპოქის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცდება. ესაა დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400 000-400 მილიონ წლებს შორის პერიოდი, სანამ ვარსკვლავები და გალაქტიკები ჩამოყალიბდებოდა.
LuSEE-Night ანტენებით, რადიო მიმღებებითა და სპექტრომეტრით იქნება აღჭურვილი, რათა სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპის დროინდელი სუსტი რადიოტალღები დააფიქსიროს, რასაც ბნელი ეპოქის სიგნალი ეწოდება.
"აქამდე სამყაროს ადრეული პერიოდების შესახებ კოსმოსური მიკროტალღური ფონის მეშვეობით მხოლოდ პროგნოზების გაკეთება შეგვეძლო. ბნელი ეპოქის სიგნალი ახალი ორიენტირი იქნება და თუ ის წინა მონაცემებს არ დაემთხვევა, ნიშნავს, რომ ახალი ფიზიკა აღმოვაჩინეთ", — აცხადებენ მეცნიერები.
LuSEE-Night-მა შესაძლოა, რადიოასტრონომიულ გარღვევას არ დაუდოს საფუძველი, მაგრამ ის უფრო ამბიციურ მსგავს პროექტებს გაუკვალავს გზას. ამგვარი მისიები საშუალებას მოგვცემს, დიდ კოსმოლოგიურ კითხვებზე პასუხებს მივუახლოვდეთ, როგორიცაა ბნელი ენერგიის ბუნება და სამყაროს დასაწყისი.
მთვარის შორეული მხარე რადიოტელესკოპის განსათავსებლად კარგი ადგილია, რადგან ის ჩვენი პლანეტისთვის დამახასიათებელი რადიოხმაურისგან იზოლირებულია. ეს ნახევარსფერო, რომელსაც "ბნელ მხარესაც" უწოდებენ, დედამიწისკენ არასდროსაა მოქცეული, მაგრამ იქ დღე-ღამის ჩვეულებრივი ციკლია. თითოეული ფაზა დაახლოებით 14 დედამიწურ დღეს გრძელდება, ხოლო LuSEE-Night ისეა შექმნილი, რომ ამ ფაზებისთვის დამახასიათებელ პირობებს 2 წელი გაუძლოს.
LuSEE-Night-სს დანიშნულების ადგილზე მთვარის ტვირთის გასაგზავნი კომერციული სერვისების (CLPS) მისიის ფარგლებში გაუშვებენ.
კომენტარები