აღდგომის კუნძულზე კიდევ ერთი ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც 200 წელი წყალქვეშ იყო
ჩილეში მდებარე აღდგომის კუნძული უჩვეულო ქანდაკებებითაა სახელგანთქმული, რომელთაც მოაის უწოდებენ. მეცნიერებმა ახლახან იქ, დამშრალი ლაგუნის მიმდებარედ, კიდევ ერთი ასეთი, ადამიანის მსგავსი ფიგურა აღმოაჩინეს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წყლით იყო დაფარული.
"ამ მოაის სამეცნიერო და საბუნებისმეტყველო კვლევებისთვის დიდი პოტენციალი აქვს. ესაა უნიკალური აღმოჩენა, რადგან ამგვარ ქანდაკებას რანო-რარაკუს კრატერის ლაგუნაში პირველად მიაგნეს", — აცხადებენ აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენლები.
მოხალისე სპეციალისტებმა ჩილეს უნივერსიტეტებიდან ახალ მოაის 21 თებერვალს მიაკვლიეს. ისინი პროექტის ფარგლებში მუშაობენ, რომლის მიზანიც რანო-რარაკუს ვულკანური კრატერის მარშების (ლანდშაფტის ტიპი) აღდგენაა. აღსანიშნავია, რომ ამ არეალში განლაგებული რამდენიმე მოაი ოქტომბერში ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს დაზიანდა.
"საინტერესოა, რომ სულ მცირე 200-300 წლის განმავლობაში ეს ლაგუნა 3 მეტრი სიღრმის იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ დროში იქ მოაის ადამიანი არ დატოვებდა", — ამბობენ სპეციალისტები.
მსგავსი ქანდაკებები წაგრძელებული სახის მქონე ფიგურებია, რომელთაც ფეხები არ აქვს და ძირითადად ვულკანური მატერიისგანაა დამზადებული. ახალი მოაის სიგრძე 1.6 მეტრია და ის ლაგუნაში გვერდზე დავარდნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მას იქ დატოვებენ, სადაც არის, რადგან სწორედ ასე სურთ ადგილობრივებს
მეცნიერები ნიმუშის სიღრმისეულად შესასწავლად თანხების მოძიებას გეგმავენ.
კომენტარები