ტკბილი გაზიანი სასმელების მიღებამ თაგვებში ტესტოსტერონის გამოყოფა და სათესლე ჯირკვლები გაზარდა
მიუხედავად ამ მიგნებისა, წინა კვლევების შედეგები არც ისე სახარბიელოა.
მეცნიერებს სურდათ შეესწავლათ, თუ რა გავლენა აქვს ტკბილი გაზიანი სასმელების მიღებას ნაყოფიერებაზე. მათ დაადგინეს, რომ თაგვებში იგი ტესტოსტერონის გამოყოფას უწყობს ხელს და სათესლე ჯირკვლებს ზრდის. ნაშრომი გამოცემაში Acta Endocrinol გამოქვეყნდა.
ავტორებმა ცდა მამრობითი სქესის 150 თაგვზე ჩაატარეს. მათ ისინი 5 ჯგუფად დაყვეს: ნაწილს სხვადასხვა რაოდენობის პეპსისა და კოკა-კოლას ასმევდნენ, საკონტროლო ჯგუფს კი — მხოლოდ წყალს.
მომდევნო 15 დღის განმავლობაში მეცნიერები თაგვებზე გაზიანი სასმელების ზემოქმედებას აკვირდებოდნენ. ისინი ცხოველებს სისხლის ანალიზებს უტარებდნენ და მათი სათესლე ჯირკვლების მასასა და გარშემოწერილობას ზომავდნენ.
შედეგად დადგინდა, რომ მე-15 დღეს შესამჩნევად იყო გაზრდილი იმ თაგვების სათესლე ჯირკვლები, რომლებიც პეპსის ანდა კოკა-კოლას იღებდნენ.
"შედეგმა აჩვენა, რომ, შესაძლოა, დიდი რაოდენობით პეპსი ან კოკა-კოლა სათესლე ჯირკვლების ზრდასა და განვითარებას უწყობდეს ხელს", — წერენ ნაშრომის ავტორები.
ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ ტესტოსტერონმა ყველა თაგვის სისხლში მოიმატა. შესაბამისად, შესაძლოა, მათი დიდი დოზებით მიღება ამ ჰორმონის გამოყოფასაც აუმჯობესებდეს.
აღსანიშნავია, რომ კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც სხვა ექსპერიმენტის ფარგლებში ყავისა და კოფეინის ჭარბმა მოხმარებამ ტესტოსტერონის გამოყოფა გააძლიერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევის ფარგლებში ტკბილი გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ სათესლე ჯირკვლების ზრდა და ტესტოსტერონის მომატება შენიშნეს, წინა კვლევების შედეგები არც ისე სახარბიელოა.
მაგალითისთვის, მეცნიერებმა 2500 კაცი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყოველდღე თითო ლიტრი ტკბილი გაზიანი სასმლის მიღების შედეგად სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა 30%-ით მცირდებოდა. მეორე მხრივ, სხვა ნაშრომით გამოიკვეთა, რომ კოფეინის შემცველი მსგავსი სასმელების მიღებას სპერმის ხარისხზე უარყოფითი გავლენა აქვს.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა კაცების სიმელოტე ტკბილი გამაგრილებელი სასმელების მიღებას დაუკავშირეს
მკვლევრები აზუსტებენ, რომ გაზიანი სასმელებისა და ნაყოფიერების კავშირზე დამატებითი კვლევებია საჭირო, სანამ რაიმეზე დაზუსტებით შევძლებდეთ საუბარს.
შესაბამისად, მანამ, სანამ ამ მიზნებით ტკბილი გაზიანი სასმელების მიღებას გადაწყვეტდეთ, სჯობს გაითვალისწინოთ, რომ ისინი ზომაზე მეტ შაქარს შეიცავს. Cleveland Clinic-ის მიხედვით, გაზიანი სასმლის ერთი ქილა საშუალოდ 39 გრამ შაქარს შეიცავს მაშინ, როდესაც ქალებისთვის დღიური რეკომენდებული ნორმა 25 გრამია, კაცებისთვის კი — 36 გრამი.
კომენტარები