Samsung მომხმარებელთა ხმის ასლებს ქმნის, რომლითაც ზარებს ჩვენ მაგივრად უპასუხებს
ახალი ფუნქცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და მხოლოდ ფირმის ზოგიერთ უახლეს ფლაგმანზეა ხელმისაწვდომი კორეაში.
Samsung-მა ახალი ფუნქციის გამოშვება დააანონსა. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თავიანთი ხმის ასლი შექმნან, რომლის საშუალებითაც AI ზარებს მათ მაგივრად უპასუხებს.
ფუნქციას Custom Voice Creator ეწოდება და Samsung-ის მობილურ ასისტენტ Bixby-შია ჩაშენებული. ამ ეტაპზე იგი მხოლოდ ფირმის ზოგიერთ უახლეს ფლაგმანზეა ხელმისაწვდომი კორეაში.
Custom Voice Creator შემდეგნაირად მუშაობს: თუკი ხმამაღლა საუბარი არ შეგიძლიათ ანდა ძალიან დაკავებული ხართ, შეგიძლიათ, ღილაკს "Bixby text call" დააჭიროთ, რომელიც ტელეფონზე ზარის შემოსვლისას ჩნდება. ამის შემდეგ ტექსტურ შეტყობინებას აკრეფთ, თქვენი ხმის ასლი კი მას თქვენ მაგივრად ეტყვის ადრესატს.
აღსანიშნავია, რომ Samsung-ს უკვე აქვს დარეკვის ფუნქცია, სახელად Bixby Text Call, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. იგი მობილურზე სიტყვიერ საუბრებს ტექსტურ შეტყობინებებად აქცევს რეალურ დროში, ხოლო გამგზავნისგან დაწერილ ტექსტებს კი კომპიუტერით გენერირებული სტანდარტული ხმით კითხულობს.
Samsung-ის განცხადებით, Bixby Text Call უკვე ინგლისურადაა ხელმისაწვდომი, Custom Voice Creator ფუნქციასთან ერთად კი მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, სტანდარტული ხმა საკუთრით ჩაანაცვლონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეორიულად, ადამიანი შეძლებს, თავისივე ხმით ტელეფონის აღების გარეშე "ისაუბროს".
მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება Custom Voice Creator. თუ გავითვალისწინებთ, როგორი სიზუსტით ახერხებს არსებული AI მოდელები ხმის კლონირებას, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ მათ არც Samsung-ის წამოწყება ჩამორჩება.
და მაინც, ტექნოლოგია ამ ეტაპზე ისეთი განვითარებული ნამდვილად არ არის, რომ ჩვეულებრივი საუბრები ჩაანაცვლოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხმის კლონირების ტექნოლოგიებს ბოროტად ხშირად იყენებენ. სწორედ ამიტომ, საკითხავია, რამდენად კარგი იდეაა მობილურ ზარებში ტექნოლოგიის პირდაპირ ჩაშენება და Samsung-ის ნებისმიერი მფლობელისათვის მისი ხელში ჩაგდება.
კომენტარები