საუდის არაბეთმა თავისი პირველი AI რობოტი წარადგინა, რომელსაც საუბარი და ცეკვა შეუძლია
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიში ჩატარებული ტექნოლოგიური კონფერენციის LEAP23 მსვლელობისას ქვეყანამ საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი თავისი პირველი რობოტი წარუდგინა, რომელსაც სარა ჰქვია. მას არაბულად საუბარი, ადგილობრივი პოპულარული ცეკვების შესრულება და კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია.
მოწყობილობაში ჩაშენებულია კამერა, რომელსაც ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იყენებს, რათა დააფიქსიროს, როდის დგანან მის წინ ადამიანები. ამის შემდეგ, საუბრის წამოსაწყებად, რობოტის გააქტიურებაა საჭირო, რისთვისაც მას უნდა მიმართოთ სიტყვებით: "გამარჯობა, სარა".
სარას შეუძლია, რომ სხვადასხვა დიალექტი ამოიცნოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. ასევე, ის წინადადებებს აანალიზებს და მათ შინაარს ადგენს, რაც რობოტს ეხმარება, მოსაუბრეს შესაბამისი პასუხები დაუბრუნოს. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა მათ ტექსტური შეტყობინებების სახითაც აგზავნის.
საინტერესოა, რომ 2017 წელს საუდის არაბეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველასთვის კარგად ცნობილ რობოტ სოფიას მოქალაქეობა მიანიჭა. ამ მოვლენიდან ერთ თვეში ის ქვეყანაში არსებულ ქალთა უფლებების პრობლემაზეც კი ალაპარაკდა.
"სოფია ქალებისა და ყველა ადამიანის უფლებების დიდი დამცველია. მან საუდის არაბეთშიც წამოიწყო საუბარი ქალების, ადამიანებისა და ამ პლანეტაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსების უფლებების შესახებ", — განაცხადეს კომპანია Hanson Robotics-ში, სადაც სოფია შეიქმნა.
უნდა ითქვას ისიც, რომ 2022 წელს საუდის არაბეთმა სამი რობოტი წარადგინა, რომელთა დანიშნულებაც მექის მეჩეთში ყურანის წაკითხვა, ქადაგება და სალოცავად ადამიანთა მოხმობაა. ეს სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც ვიზიტორებისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებაა.
კომენტარები