ისტორიაში პირველად, თაგვების ორგანიზმში ადამიანის მინიატიურული ნაწლავები გაზარდეს
მედიცინის ისტორიაში პირველად, ადამიანის ნაწლავის ქსოვილის ბურთულები თაგვებს გადაუნერგეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ტრანსპლანტატებს იმუნური სისტემის საკვანძო თავისებურებები განუვითარდა. შესაბამისად, შესაძლოა, მოდელი ადამიანის ნაწლავური სისტემის საიმიტაციოდ წარმატებით გამოიყენონ. კვლევას გამოცემაში Nature Biotechnology გაეცნობით.
მიღწევა ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის მეცნიერებს ეკუთვნით. მაიკლ ჰელმრათმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტი მრავალპოტენტური ღეროვანი უჯრედებით დაიწყეს, რომელთაც სხეულის ნებისმიერ ქსოვილად შეუძლია გადაქცევა; შემდეგ სპეციალური მოლეკულური კოქტეილის საშუალებით ისინი ნაწლავის უჯრედებად გარდაქმნეს; ასე მეცნიერებმა ორგანოიდთა ბურთები მიიღეს, მერე კი ისინი ფრთხილად გადაუნერგეს თაგვებს.
ორგანოიდებს ზოგიერთი სტრუქტურა და ფუნქცია ნამდვილი ორგანოების ანალოგიური აქვს, ამიტომ ორგანოთა განვითარების, დაავადებების გაჩენისა და მედიკამენტების მოქმედების შესასწავლად მათ ხშირად იყენებენ.
გადანერგვიდან 20 კვირის შემდეგ მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ორგანოიდები დაახლოებით 20 ტიპის იმუნურ უჯრედს შეიცავდა.
"ეს ძალიან ჰგავს პოპულაციებს, რომლებსაც ადამიანის ნაწლავში ვხვდებით", — განაცხადა ჰელმრათმა Wired-თან საუბრისას.
იმუნურ უჯრედთა ფუნქციონირების დასადასტურებლად მკვლევრებმა ისინი E. Coli ბაქტერიასთან მოაქციეს. შედეგად M უჯრედები გაჩნდა — იმუნური სიგნალების გადამცემი უჯრედები, რომლებიც ნაწლავის სარჩულში გვხვდება და, ჩვეულებრივ, ინფექციის ანდა ანთების შედეგად წარმოიქმნება.
გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ორგანოიდები მომნელებელ სისტემაში გენეტიკური დეფექტების მქონე ანდა ისეთ ადამიანებს დაეხმარება, რომელთა ნაწლავიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებს. მკვლევრებს სჯერათ ისიც, რომ, შესაძლოა, ადამიანისთვის გადანერგვის შემთხვევაში ორგანოიდები თავისითაც კი გაიზარდოს.
კომენტარები