სტარტაპმა SoundCell-მა ჰოლანდიაში პირველი ინვესტიცია მიიღო
ახლახან სტარტაპ SoundCell-ში ფონდმა UNIIQ-მა Delft Enterprises-თან ერთად 350 ათასი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო. ინოვაციის შესახებ კვლევა გასულ წელს გამოცემაში Nature Nanotechnology გამოქვეყნდა.
SoundCell ტექნოლოგიას ქმნის, რომელიც ცოცხალი ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ ვიბრაციებს ზომავს. სიზუსტისათვის იგი გრაფენისაგან დამზადებულ მემბრანებს იყენებს. ეს მარტივი ნივთიერებაა, რომელშიც ნახშირბადატომთა ერთი ფენისაგან შედგება, თითოეული ატომი კი ექვსკუთხედის წვეროებშია მოთავსებული.
გრაფენის უაღრესად მგრძნობიარე ბუნება და ბაქტერიის ბიოლოგიური პროცესები საშუალებას იძლევა, ვიბრაციით დადგინდეს, ანტიბიოტიკის გაკეთების შემდეგ კვლავ ცოცხალია (ანუ ვიბრირებს) თუ არა ბაქტერია. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვიბრაციები ძალიან მცირეა.
E. Coli ბაქტერიაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულობისას ბაქტერია ისევე აგრძელებს ვიბრირებას, როგორც მის გაკეთებამდე. მეორე მხრივ, თუკი იგი რეზისტენტული არაა, ვიბრაციები მედიკამენტის მიღების შემდეგ იკლებს.
ამჟამად ბაქტერიის რეზისტენტულობა უჯრედების გაყოფის სიხშირის მიხედვით იზომება. ვინაიდან უჯრედებში ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, ამის განსაზღვრას ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება, SoundCell-ის ტექნოლოგიით კი ამის შეფასება სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი.
სტარტაპი მიღებული ინვესტიციით პროტოტიპის შექმნის, რომელსაც საავადმყოფოებში გამოცდისა და დამატებითი კლინიკური კვლევების ჩასატარებლად გამოიყენებენ.
იმ შემთხვევაში, თუ კვლევებით SoundCell-ის ინოვაციის ეფექტიანობა დადასტურდა, ტექნოლოგია ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულობის აღმოჩენასა და პრევენციაში დიდ როლს ითამაშებს, ხოლო პაციენტები ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ გაცილებით სწრაფად მიიღებენ ეფექტიან მედიკამენტებს.
კომენტარები