მეცნიერებმა სამყაროში არსებული მატერიის ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა შექმნა აქამდე არსებულთა შორის ყველაზე დეტალური რუკა, რომელიც სამყაროს შემადგენელ მთლიან მატერიას გვიჩვენებს. ეს მათ ორი პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების შეჯერების გზით შეძლეს, რის შედეგადაც გამოავლინეს, კოსმოსის რა ნაწილში ჭარბობს არა მხოლოდ ჩვეულებრივი, არამედ ბნელი მატერიაც, რომელიც ჩვენთვის უხილავია.
ახალი რუკა ასახავს, თუ როგორ გადანაწილდა მატერია სამყაროს არსებობის 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში, რაც მისი ევოლუციის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას გვაძლევს. ვიგებთ იმასაც, რომ ჩვენს ხელთ არსებულ სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში რაღაცის დანაკლისია.
ამ უკანასკნელის თანახმად, დიდი აფეთქებისას მატერია სინგულარობის სახით იყო წარმოდგენილი, ანუ უსასრულო სიმკვრივის ცხელ წერტილში, რომელიც აფეთქდა და ელემენტარული ნაწილაკები, კვარკები გააფრქვია. მათი გაერთიანებით წარმოიქმნა პროტონები, ნეიტრონები და ბირთვი, ასობით ათასი წლის შემდეგ კი წყალბადისა და ჰელიუმის ფორმირებით მივიღეთ ის, რაც ახლა კოსმოსშია.
ამ პროცესის შესწავლა ახლანდელი განფენილობის ანალიზის მეშვეობით შეგვიძლია, რადგან ვიკვლევთ, როგორი იყო ის სხვადასხვა პერიოდში. სამყაროს დაახლოებით 75 პროცენტი ჩვენთვის მაინც უხილავია, რადგან ამჟამინდელი მეთოდებითა და ტექნოლოგიით მას პირდაპირ ვერ ვაფიქსირებთ. სამაგიეროდ, გრავიტაციული ველების დახმარებით ზოგიერთ ასეთ რეგიონს ვავლენთ. მაგალითად, როდესაც გალაქტიკათა შეჯგუფების გრავიტაცია საკმარისად ძლიერია, ის სივრცეს ამრუდებს და გამადიდებელი შუშის ეფექტს ითავსებს, რაც მხოლოდ ჩვეულებრივი მატერიით ვერ აიხსნება.
მეცნიერებმა რუკის შესაქმნელად სწორედ გრავიტაციული ლინზირების ფენომენი გამოიყენეს, კერძოდ, ბნელი ენერგიის კვლევის პროექტისა და სამხრეთ პოლუსის ტელესკოპის მიერ შეგროვებული ინფორმაცია. პირველი ახლო ინფრაწითელ, ხილულ და ახლო ულტრაიისფერ სინათლეზეა კონცენტრირებული, მეორე კი მიკროტალღურ ფონზე, რომელიც დიდი აფეთქებიდან შემორჩენილი რადიაციის კვალია.
მიღებული შედეგი გვიჩვენებს, როგორაა სამყაროში მატერია გადანაწილებული. ავტორებმა ის კოსმოლოგიურ მოდელს შეადარეს. დადგინდა, რომ სიმულაციები თითქმის თანხვედრაში იყო, მაგრამ სხვაობაც აღმოაჩინეს — მატერია იმაზე უფრო თანაზომიერადაა დაცილებული, ვიდრე აქამდე გვეგონა, ანუ ნაკლებადაა შეჯგუფებული.
დამატებითი კვლევები კიდევ უფრო დეტალური რუკის შექმნის საშუალებას მიგვცემს და კოსმოსის ისტორიას უკეთ გაგვაცნობს. 3 ახალი ნაშრომი გამოცემაში Physical Review D. გამოქვეყნდა.
1. https://journals.aps.org/prd/abstract/10.1103/PhysRevD.107.023529
2. https://journals.aps.org/prd/abstract/10.1103/PhysRevD.107.023530
3. https://journals.aps.org/prd/abstract/10.1103/PhysRevD.107.023531
კომენტარები