უცნაური ბოტანიკა: ნაყოფი მარწყვი კი არა, მისი ყვითელი წერტილებია
მაშ, თავად მარწყვი რაღაა?
დიდი ალბათობით, თქვენც გაგიგიათ მცდარი მტკიცება იმის შესახებ, რომ მარწყვი კენკრაა, ხოლო მასზე არსებული მოყვითალო წინწკლები კი — მისი თესლები.
ამ პატარა ნაწილაკებს თესლურები ეწოდება. სინამდვილეში, ისინი თავად არის მცენარის ნაყოფი და შიგნით თითო-თითო თესლს შეიცავს. თესლურა პატარა, მშრალი ნაყოფია, რომელსაც არაერთი ყვავილოვანი მცენარე წარმოქმნის — მათ შორის, წიწიბურა, კინოა და კანაფი.
მაშ, რა არის თავად მარწყვი, თუ არც მცენარის ნაყოფია და არც კენკრა?
ტექნიკურად, მარწყვი ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახის წარმომადგენელი რთული ნაყოფია. ამ კატეგორიაში ერთიანდება ჟოლოც და მაყვალიც, ყველა ერთად კი იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ვარდები.
სამეცნიერო კლასიფიკაციის თანახმად, იმისათვის, რომ ხილი კენკრად ჩაითვალოს, იგი ერთზე მეტ თესლს უნდა შეიცავდეს. ამასთანავე, უნდა შედგებოდეს ეგზოკარპიუმისგან (გარე კანი), მეზოკარპიუმისა (შუა ხორცოვანი ნაწილი) და თესლების მატარებელი ენდოკარპიუმისგან (შიდა გარსი).
კენკრა ცალკეული ყვავილის ცალკეული ნასკვიდან წარმოიქმნება და ორ განსხვავებულ ჯგუფად იყოფა. ციტრუსები ჰესპერიდიუმის, ნარინჯის, ტაქსონომიურ ჯგუფს მიეკუთვნება და მოდიფიცირებულ კენკრად არის კლასიფიცირებული. მეორე მხრივ, გოგრისებრთა ოჯახი (მათ შორისაა: კიტრი, საზამთრო და ყელიანი გოგრა, აყირო) კენკრათა გოგრულების ჯგუფისაგან შედგება. ამის მიხედვით, გრეიპფრუტი, ლაიმი და გოგრა, ტექნიკურად, ყველა კენკრაა.
ნამდვილი კენკრის ჯგუფისაგან განსხვავებით, მარწყვი გაბერილი ყვავილსაჯდომი ქსოვილია და ზედაპირზე თესლის მატარებელი ნაყოფები აქვს, პატარა მოყვითალო წერტილები. სხვა ხილის საპირისპიროდ, მარწყვის ყვავილის დამტვერვისას ნაყოფი არ იბერება; ნაცვლად ამისა, იბერება ყვავილსაჯდომი ქსოვილი, ნამდვილი ნაყოფი კი პატარა, მშრალ თესლურებად იყოფა. ვინაიდან თესლურები მხოლოდ ერთ თესლს შეიცავს, კენკრების კატეგორიას ვერც მათ მივაკუთვნებთ.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარწყვის მცენარეთა უმრავლესობა თავიანთი თესლებიდან არ იზრდება. ზრდისას ეს მცენარეები გართხმულ ყლორტებს წარმოქმნის, მარწყვის პატარა ასლებს, რომლებიც მიწასთან მიღწევის შემდეგ გაიზრდება.
ესოდენ უჩვეულო სასიცოცხლო ციკლის გამო, საბოლოო ჯამში, მარწყვს რთული ნაყოფების ჯგუფს მიაკუთვნებენ — კატეგორიას, რომელშიც სხვა ტრადიციული კატეგორიებისაგან "გარიყული" ხილი ხვდება. ამ ჯგუფში გვხვდება ერთი თესლის მქონე ნაყოფებიც, იგივე კურკიანები (ბალი, ატამი და ა.შ).
კომენტარები