ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბერების პროცესი შექცევადია
თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერები აცხადებენ, რომ დაბერების პროცესი შექცევადია და დროში არა მხოლოდ მისი უკუსვლა, არამედ წინსვლაცაა შესაძლებელი, თან ერთზე მეტჯერ. მათი თქმით, ადამიანის ორგანიზმში "ახალგაზრდობის სათადარიგო ასლი" ინახება, რომლის გააქტიურებაც სხეულის შემადგენელი უჯრედების გაახალგაზრდავების ან დაბერების პროვოცირების საშუალებას იძლევა.
კვლევის ფარგლებში Boston Labs-ში მომუშავე სპეციალისტებმა უსინათლო მღრღნელებს მხედველობა აღუდგინეს და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუუმჯობესეს. ცხოველებს ექსპერიმენტების შედეგად უფრო ჯანსაღი კუნთები ჩამოუყალიბდათ და ტვინიც გაუახალგაზრდავდათ. თაგვების მეორე, ახალგაზრდა ჯგუფში კი ნაადრევი დაბერება და ფიზიკური გართულებები გამოვლინდა.
მეცნიერთა უკანასკნელი მონაცემები ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ დაბერებას გენეტიკური მუტაციები უძღვის წინ, რომელთა გამოც დნმ სუსტდება. დაზიანებული უჯრედები კი დროთა განმავლობაში ორგანიზმის ფუნქციების მოშლას იწვევს.
ახალი ნაშრომის მიხედვით, დაბერებას არა ზემოხსენებული ფაქტორები, არამედ ინფორმაციის დაკარგვა განაპირობებს, როცა უჯრედებს დნმ-ის "წაკითხვა" აღარ შეუძლია და მათი ფუნქციებიც ირღვევა. ეს ნიშნავს, რომ დაბერების პროცესი შექცევადია იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის ხართ. ამავდროულად, კონკრეტული მექანიზმები ჯერჯერობით უცნობია.
მეცნიერთა თქმით, როცა გენომი აქტიურდება იმისათვის, რომ უჯრედმა დნმ "წაიკითხოს", ორგანიზმი გაახალგაზრდავებას იწყებს, თუნდაც უკვე ხნიერი იყოს და დაავადებები ჰქონდეს. ამ პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს მოწამვლა, მოწევის მსგავსი მავნე ჩვევები, უძილობა და ა.შ.
სპეციალისტები ამჟამად ექსპერიმენტებს პრიმატებზე ატარებენ, კვლევაში ადამიანების ჩასართავად კი უფრო სიღრმისეული კვლევებია საჭირო. მათი ნაშრომი გამოცემაში Cell გამოქვეყნდა.
კომენტარები