მეცნიერთა თქმით, მათ გენმოდიფიცირების გზით თაგვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეს
აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში დაფუძნებულ სტარტაპ Rejuvenate Bio-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი კვლევის ფარგლებში მათ ხანდაზმული თაგვების დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაზარდეს. ნაშრომი, რომელსაც ჯერ რეფერირება არ გაუვლია, bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.
როგორც კვლევიდან ვიგებთ, მეცნიერებმა მღრღნელებს ინიექცია გაუკეთეს, რის შედეგადაც მათი გენების მოდიფიცირება შეძლეს. ტესტებმა ცხადყო, რომ ცდისპირმა ცხოველებმა საშუალოდ 18 კვირა იცოცხლეს, სხვები კი 9 კვირაში დაიხოცნენ. საერთო ჯამში, თაგვების სიცოცხლე დაახლოებით 7 პროცენტით გახანგრძლივდა.
ავტორთა მიერ გამოყენებული მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: მათ მღრღნელების უჯრედების ისეთ ცილებთან ურთიერთქმედებას შეუწყვეს ხელი, რომლებიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ემბრიონებშია აქტიური. ამით ცხოველთა გენეტიკური მახასიათებლები შეიცვალა და უჯრედები "გაახალგაზრდავდა".
"ეს მძლავრი ტექნოლოგიაა და ამის დასტური სახეზეა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ხანდაზმული პოპულაციისთვის რაღაცის გაკეთება მართლაც შეგვიძლია", — ამბობს Rejuvenate Bio-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნოა დევიდსონი.
რა თქმა უნდა, კვლევის შედეგები გადასახედია. მაგალითად, უნდა გაირკვეს, რა რისკები ახლავს თან გენების ამგვარ მოდიფიცირებას, რადგან ზოგჯერ ეს სიმსივნის წარმოქმნას ედება საფუძვლად. არსებობს სხვა კითხვისნიშნებიც.
Rejuvenate Bio-ში ირწმუნებიან, რომ მათი გენური თერაპია ადამიანებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ისინი ძაღლებსა და ადამიანებში გავრცელებული კონკრეტული დაავადებების განკურნების მეთოდებზეც მუშაობენ.
კომენტარები