CES 2023-ის გამარჯვებული პროდუქტი — Airvida T1 მუსიკის მოსმენის პარალელურად ვირუსებისგან დაგიცავთ
თაივანურმა კომპანია ible Technology-მ CES 2023-ზე (Consumer Electronics Show) ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნისთვის Wearable Technologies კატეგორიაში საპატიო ჯილდო დაიმსახურა. საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა კომპანიის უკანასკნელი პროდუქტი, Airvida T1, პორტატიული ჰაერის გამწმენდი, აღმოჩნდა.
პრეს რელიზის მიხედვით, მოწყობილობამ 2100 კონკურენტს შორის გაიმარჯვა და ეს პირველი ჰაერის გამწმენდია, რომელიც ყურსასმენებითაა აღჭურვილი და განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს. ის მომხმარებელს იცავს ჰაერის დაბინძურებისგან და ახლა უკვე შემაწუხებელი ხმისგანაც.
გარდა ამისა, მოწყობილობას თან ახლავს მობილური აპლიკაციაც, რომელიც მფლობელს ჰაერში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ible-ის უნიკალური ეკო-იონური ტექნოლოგია Breathing Pathway-ის დახმარებით, Airvida T1 ნეგატიურ იონებს უშვებს, რომელიც ჰაერში მავნე ნაწილაკებს უერთდება, ამძიმებს მათ და მიწისკენ მიათრევს.
ამ მექანიზმით, მტვრის, ალერგენებისა და PM2.5-ის 99.9%-ის, ხოლო კოვიდ 19-ის 99.7%-ის განადგურება შეუძლია.
მობილური აპლიკაცია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Airvida T1-ს მოყვება აპლიკაცია Airvida Connect, რომელიც ჰაერის ხარისხის ინდექსს (AQI), მომხმარებლის ადგილსამყოფელზე დაყრდნობით, ლაივ რეჟიმში გვთავაზობს.
აპლიკაცია შეტყობინებას ყოველ დილით აგზავნის და გვაფრთხილებს ალერგენებისა და ჰაერის იმ დამაბინძურებლების შესახებ, რომელთაც დღის განმავლობაში შეიძლება გადავეყაროთ.
მიუხედავად იმისა, რომ Airvida-ს მთავარი ღირსება ჰაერის გაწმენდის ტექნოლოგიაა, ამ უკანასკნელს არც სხვა მაჩვენებლები ჩამორჩება. ყურსასმენები სულ რაღაც 9.5 გრამს იწონის და საათების განმავლობაში კომფორტულად შეგიძლიათ ატაროთ. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია ხმაურის დამხშობი ტექნოლოგიით და მაქსიმალურად ამცირებს ყურადღების გაფანტვის ალბათობას. თუ მუსიკის მოსმენისა და ჰაერის გაწმენდის ფუნქციებს ერთად იყენებთ, თქვენი Airvida სულ მცირე 5 საათი უპრობლემოდ იმუშავებს. მხოლოდ ჰაერის გაწმენდის ფუნქციის გააქტიურებისას, მოწყობილობა 24 საათზე მეტ ხანს აგრძელებს მუშაობას.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა ible-ის პროდუქტი CES-ზე აღიარეს. ადრე ანალოგიური ჯილდო კომპანიამ 2020 წელს მიიღო. CES Innovation Awards გავლენიანი ტექნოლოგიური შეჯიბრია, რომელიც 28 სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო სამომხმარებლო ტექნოლოგიის გამოვლენას ემსახურება.
კომენტარები