SpaceX-მა კოსმოსში 2023 წლის პირველი მისია გაუშვა
2023 წლის პირველი მისიით SpaceX-მა ორბიტაზე 114 სატელიტი გაუშვა. Falcon 9-ის მისია, სახელწოდებით Transporter-6, კანავერალის კოსმოდრომიდან კოსმოსისკენ 3 იანვარს გაფრინდა.
მისიამ გახსნა წელი, რომელიც SpaceX-ისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის უნდა იყოს. ილონ მასკის კომპანია წელს ახალი თაობის კოსმოსური ხომალდი Starship-ის ორბიტაზე გაშვებას გეგმავს.
2022 წელი SpaceX-ისთვის მისიების რაოდენობით რეკორდული იყო.
მისია Transporter-6
Transporter-6-მა კოსმოსში EOSDA-ს EOS SAT-1 გაუშვა. ეს სასოფლო-სამეურნეო მონაცემების შეგროვებისთვის განკუთვნილი შვიდი სატელიტიდან ერთ-ერთია. პროექტი 2025 წლამდე სრულად უნდა განხორციელდეს. EOS SAT-1 ყოველდღიურად მილიონი კილომეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწებს დააკვირდება და კომპანიას მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.
სატელიტური მონაცემები ფერმერებს ნათესების მოვლასა და ადმინისტრირებაში დაეხმარება, რაც ენერგიისა და წყლის მოხმარებას შეამცირებს.
"ეს გაშვება აგრარულ ინდუსტრიაში სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენების ახალ ჰორიზონტებს ხსნის. EOSDA-ს ამიერიდან შეეძლება, გამოიყენოს ეს მონაცემები და მომხმარებლებსა და პარტნიორებს უფრო ზუსტი დეტალები მიაწოდოს", — განაცხადა EOSDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა არტიომ ანისიმოვმა
გარდა EOSDA-ს სატელიტებისა, Transporter-6-ით ორბიტაზე Spire Global-ის ექვსი სატელიტიც გაუშვებს, რომლებიც საზღვაო და საავიაციო მოძრაობის მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი. აქვეა სატელიტებიც, რომლებიც "უკანონო აქტივობას" დააკვირდება.
2022 SpaceX-ისთვის რეკორდული წელი იყო. 2022 წლის 30 დეკემბერს SpaceX-მა EROS C-3 გაუშვა, რაც წლის 61-ე მისია იყო. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ 2021 წლის შედეგი, 31 გაშვება, თითქმის გააორმაგა.
კომენტარები