მძღოლის თქმით, Tesla, რომელმაც 8 ავტომობილი დააზიანა, ავარიის მომენტში თვითმართვად რეჟიმში იყო
2021 წლის Tesla Model S-ის მძღოლი აცხადებს, რომ ავტომობილი სრულად თვითმართვად რეჟიმში იყო, როცა ტექნოლოგია მწყობრიდან გამოვიდა და ავარიაში მოჰყვა, რამაც 8 ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.
ავტოავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა და სან-ფრანცისკოს ხიდზე გადაადგილება საკმაოდ დიდი დროით შეფერხდა.
ეს ერთ-ერთი უახლესი უბედური შემთხვევაა მრავალთა შორის, რომელიც Tesla-ს ტექნოლოგიებს ბრალდება. ავტომწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, წარსულში სრულად თვითმართვად (FSD) პროგრამულ უზრუნველყოფას აქტიურად არეკლამებდა და ეს ფუნქცია დამატებით $15000-იც ღირს. მიუხედავად ამისა, კომპანიას თავდაცვა არცთუ იშვიათად უწევს.
ასევე იხილეთ: Tesla Model Y მწყობრიდან გამოვიდა და ავარიაში მოყვა — ვიდეო
პოლიციის განცხადებით, ავტომობილი დაახლოებით 90კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა მოძრაობის ხაზი შეიცვალა და მკვეთრად დაამუხრუჭა. ამის გამო, Tesla-ს უკნიდან მომავალი ავტომობილი შეასკდა და დომინოს ეფექტით კიდევ არაერთი სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
მიუხედავად ამისა, პოლიციამ ვერ დაადგინა, მართლა გამოვიდა მწყობრიდან თვითმართვადი სისტემა, თუ ასე მძღოლი იმართლებდა თავს. საინტერესოა, რომ ავარია რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ჩრდილოეთ ამერიკაში FSD სისტემა Tesla-ს ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადა. აქამდე, ამ ტექნოლოგიით სარგებლობა მხოლოდ იმ მძღოლებს შეეძლოთ, რომლებიც უსაფრთხოების კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ.
პოლიციის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ FSD მართლაც რომ გამოსულიყო მწყობრიდან, ეს მძღოლს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. Tesla მუდმივად აცხადებს, რომ თვითმართვადი ტექნოლოგია მძღოლის აქტიურ ყურადღებას მაინც მოითხოვს და ის ავტომობილს ავტონომიურად არ აქცევს.
NHTSA-ს (The National Highway Traffic Safety Administration) საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ადმინისტრაცია Tesla-ს უეცარი დამუხრუჭებისა და სხვა პრობლემების შესახებ საჩივრებს იძიებს.
კომენტარები