პოპულარული ბრენდების შოკოლადი საშიშ მძიმე ლითონებს შეიცავს — კვლევა
ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც შოკოლადის ჭამა არ უყვარს. ეს პროდუქტი პოპულარობას არასდროს კარგავს და მისი ნებისმიერი სახეობა ძალიან მარტივად იყიდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, შოკოლადის მოხმარება უსაფრთხო არ არის. Consumer Reports-ის კვლევის მიხედვით, პოპულარული ბრენდების პროდუქტი მაღალი რაოდენობით საშიშ ლითონებს შეიცავს.
კვლევის ფარგლებში შავი შოკოლადის 28 ფილა შეისწავლეს, რომელთა შორისაც ისეთი პოპულარული ბრენდების პროდუქციას ვხვდებით, როგორებიც Hershey's, Godiva, Dove და Trader Joe's არიან. ყველა მათგანი კადმიუმსა და ტყვიას შეიცავდა.
23 ბრენდის შემთხვევაში, ყოველდღიურად 30 გრამის მოხმარებას ორგანიზმში ამ ნივთიერებების საშიში რაოდენობის დაგროვება შეუძლია. ბაზრის კვლევის მიხედვით კი ადამიანების 15% შოკოლადს ყოველდღიურად მიირთმევს.
რისკი განსაკუთრებით მწვავეა ბავშვებისა და ორსული ქალების შემთხვევაში, რომელთათვისაც ორგანიზმში ტყვიის შემცველობის ზრდას უმძიმესი შედეგების მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ სხვა ადამიანებიც არ არიან — ეს თირკმლების მძიმე დაავადებებს, ნერვული სისტემის პრობლემებსა და სხვა არაერთ პრობლემას იწვევს.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ორგანიზმში საშიში ლითონების მაღალი კონცენტრაციის დაგროვებაში მონაწილეობას შოკოლადთან ერთად ხშირად ბოსტნეულიც იღებს.
საინტერესოა, რომ რძიანი შოკოლადი შავ შოკოლადზე ბევრად ნაკლებ საშიშ ნივთიერებას შეიცავს. ამის მიზეზი შავ შოკოლადში კაკაოს მაღალი შემცველობაა.
ტოქსიკოლოგმა მაიკლ დიბატოლომეისმა 2022 წელს კაკაოს დაბინძურებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, კაკაოს მარცვლებში საშიში ლითონები გამოშრობის პროცესში ხვდება, ანუ მას შემდეგ, რაც მოსავალს იღებენ და ღია ცის ქვეშ ტოვებენ. მტვერი და ჭუჭყი, რომელიც მარცვლებს ედება კადმიუმსა და ტყვიას შეიცავს.
მიუხედავად ყველაფრისა, მდგომარეობა კატასტროფული მაინც არ არის, თუ საყვარელ ტკბილეულს ზომიერად მიიღებთ, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.
კომენტარები