რუსულ კოსმოსურ ხომალდზე ავარიაა, Soyuz MS-22 გამაგრილებელ სითხეს აპარებს — ვიდეო
რუსული კოსმოსური სააგენტო Roscosmos-ის მიერ დაგეგმილი ღია კოსმოსში გასვლა Soyuz MS-22-ზე მომხდარი ავარიის გამო გადაიდო. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მიმაგრებული კოსმოსური ხომალდი გამაგრილებელ სითხეს აპარებს.
NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის სპიკერმა, რობ ნავიასმა NASA TV-სთან საუბარში გაჟონვას "საკმაოდ მნიშვნელოვანი" უწოდა. გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ მოედინება სითხე Soyuz MS-22-დან. თავდაპირველად ავარია თბილისის დროით 15 დეკემბრის 04:45 საათზე შეამჩნიეს.
სავარაუდოდ, დაზიანება ძალიან მცირე ზომის მეტეოროიდთან შეჯახებამ გამოიწვია.
კოსმოსური ხომალდი Soyuz საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ მოდულზეა მიმაგრებული. NASA-ს ცნობით, გაჟონვის წყარო, სავარაუდოდ, ხომალდის გარე რადიატორის გაგრილების კონტურია.
Roscosmos-ის განცხადებით, ეკიპაჟს საფრთხე არ ემუქრება და კოსმოსურ სადგურზე ყველაფერი წესრიგშია.
"ეკიპაჟმა შეგვატყობინა, რომ ხომალდმა გაგრილების სისტემაში წნევის ვარდნა შეამჩნია და გაფრთხილების სიგნალი ჩართო. ვიზუალურმა დათვალიერებამ გაჟონვა დაადასტურა, რის შედეგადაც სერგეი პროკოპიევისა და დმიტრი პეტელინის ღია კოსმოსში დაგეგმილი გასვლის გადადება აუცილებელი გახდა", — განაცხადა Roscosmos-მა.
მონაცემები ავარიის შესახებ დედამიწაზე უკვე გამოიგზავნა და სპეციალისტები დაზიანების ხარისხს შეისწავლიან. რობ ნავიასის თქმით, საკითხზე NASA-ს და Roscosmos-ის სპეციალისტები ერთად იმუშავებენ.
Soyuz MS-22-მა 2022 წლის 21 სექტემბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი რუსი კოსმონავტის გარდა NASA-ს ასტრონავტი ფრენკ რუბიოც წაიყვანა და ისინი უკან 2023 წლის მარტში უნდა დაებრუნებინა, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს ამავე ხომალდით, ჯერჯერობით არ ვიცით.
კომენტარები