შესაძლოა, ახალმა ნანოტექნოლოგიამ ოსტეოპოროზის მკურნალობა გაამარტივოს
მკვლევრების თქმით, მეთოდი ძვლის რეზორბციის შეჩერების გარდა, წარმოქმნის პროცესსაც უწყობს ხელს
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის (University of Central Florida) მკვლევრებმა ოსტეოპოროზის მკურნალობის მეთოდი შექმნეს, რომლის ფარგლებშიც სხეულის კონკრეტულ ნაწილებამდე მედიკამენტის მიტანა ნანობუშტუკების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ულტრაბგერითი ნანობუშტუკების გამოყენებით შესაძლებელია სხეულს სპეციფიკური რეგიონები გვერდითი მოვლენების (ოსტეონეკროზი, გასტროინტესტინური პრობლემები) გარეშე განიკურნოს.
მეთოდი ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის პროფესორმა მეჰდი რაზავიმ და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა ენჯელა შარმა შექმნეს.
რა არის ოსტეოპოროზი
ძვლის მასის შემცირება, ძვლის ქსოვილის მიკროარქიტექტურული გამოფიტვა, ამით გამოწვეული ძვლის სიმყიფე და მოტეხილობის რისკის ზრდა ოსტეოპოროზის სიმპტომებია. ამ მდგომარობას ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება იწვევს, რის გამოც ის უფრო მყიფე და მარტივად მტვრევადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზს უფრო ხშირად ხერხემლის, ბარძაყისა და მაჯის ძვლებში ვხვდებით, ამ მდგომარეობის ეფექტს ორგანიზმის ყველა ძვალი განიცდის. დაავადების რისკი ორივე სქესს აქვს, თუმცა აღრიცხული პაციენტების 80% ქალია. ასევე, ხანშიშესულ ადამიანებში ძვლების მოტეხილობის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ოსტეოპოროზია.
რაზავის თქმით, ჯანმრთელი ორგანიზმი ძველ და დაზიანებულ ქსოვილებს მუდმივად ახლით ანაცვლებს, რათა ძვლის ხარისხი და მასა შეინარჩუნოს.
"როცა ძვლის რეზორბცია აჭარბებს მის ფორმაციას, ძვლოვანი სისტემის დაავადებას, ოსტეოპოროზს, ვიღებთ. ოსტეოპოროზის სამკურნალო საკმაოდ ბევრი ნანოპლატფორმა არსებობს, თუმცა ულტრაბგერითი რეაგირების ნანობუშტუკების უპირატესობა ის არის, რომ მას ბუშტუკების გასახეთქად და გენის მისატანად ულტრაბგერა სჭირდება. თავად ულტრაბგერას შეუძლია ძვლის ფორმაციის გაადვილება", — განაცხადა რაზავიმ
ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზით დაავადებული, ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სამკურნალოდ ბისფოსფონატებს იყენებენ. მათი გამოყენების გვერდით მოვლენას ხშირად მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულისრევა წარმოადგენს და, რაც ყველაზე სარისკოა, ბისფოსფონატის გამოყენებამ, შესაძლოა, ყბის ძვლის ოსტეონეკროზი გამოწვიოს.
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიგნება კი ორმხრივად სასარგებლო შეიძლება იყოს. პირველ რიგში, ის ძვლის რეზორბციას აჩერებს და, გარდა ამისა, ულტრაბგერის საშუალებით ძვლის ფორმაციის პროცესი იზრდება.
რაზავის თქმით, ნანობუშტუკების სამიზნეს ოსტეოკლასტი წარმოადგენს, რომელიც ძვლის CTSK გენის მატარებელი უჯრედია. ძვლის რეზორბციის პროცესი სწორედ CTSK გენზეა დამოკიდებული. ნანობუშტუკები შედიან ძვლის უჯრედებში, პოულობენ გენებს, რომელიც ოსტეოპოროზს იწვევს და ტოვებენ იქ CTSK siRNA-ს (cathepsin K small interfering ribonucleic acid), რომელიც მოგვიანებით კომპლექსს ქმნის და ძვლის გამოფიტვის პროცესს აჩერებს.
კვლევა ჟურნალ Nanomedicine: Nanotechnology, Biology and Medicine-ში გამოქვეყნდა
კომენტარები