SpaceX ახალ სატელიტებს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს — როგორ
კომპანიის ცნობით, სატელიტის დახმარებით ჩატარებული სამხედრო ოპერაციები აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იქნება
SpaceX-მა პროექტი Starshield წარადგინა, რომელიც, კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, სამთავრობო გამოყენებისთვისაა შექმნილი.
უფრო ზუსტად, სატელიტები ილონ მასკის სხვა პროექტის, Starlink-ის ინტერნეტის მეშვეობით ეროვნული უსაფრთხოების დაცვას შეუწყობენ ხელს. ეს შეიძლება გამოიხატოს ფართომასშტაბიან თვალთვალში, ან ისეთი ტვირთის შენახვასა და "მასპინძლობაში", რომლის ორბიტაზე დაბინავებაც სახელმწიფო და სამხედრო სააგენტოებს სურთ. პროექტი ძალიან ამბიციურია, შესაბამისად, კოსმოსის მილიტარიზაციასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს.
მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ SpaceX-მა საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიაში და მიაღწია მიზანს, რომლისკენაც წლების განმავლობაში მიიწევდა. საკითხავი ის არის, თუ რის მიღწევას ცდილობს ილონ მასკი მსგავსი იდეების მხარდაჭერით.
ასევე იხილეთ: აშშ-ის Space Force კოსმოსში "ეროვნული ინტერესების" დაცვის გეგმას აქვეყნებს
ჯაშუში სატელიტები
SpaceX-ს ახალი სატელიტის დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ვებსაიტზე გამოსახული ილუსტრაცია (რომელიც ამ სტატიის მთავარი ფოტოა), როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანია.
კომპანია აცხადებს, რომ სატელიტს დამატებითი მაღალი სანდოობის კრიპტოგრაფიული შესაძლებლობა ექნება, რათა სპეციალურ დატვირთვა მიიღოს და ინფორმაცია უსაფრთხოდ დაამუშავოს. ეს სამხედრო ოპერაციებს სრულად გასაიდუმლოებულს დატოვებს.
Starshield-ის სატელიტები Starlink-ის ქსელთან "სატელიტთაშორისი ლაზერული კომუნიკაციით" დაკავშირდება.
SpaceX-მა დედამიწის დაბალ ორბიტაზე 3200 ხელოვნური თანამგზავრი უკვე გაუშვა და ფედერალური კომუნიკაციების კომისიისგან კიდევ 10000-ის გაშვების ნებართვაც მიიღო.
ამ ეტაპზე, პროექტის შორს მიმავალი გავლენა, სავარაუდოდ, იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. მასკის კომპანია სრულფასოვან სამხედრო კონტრაქტორად იქცა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მილიარდერის მიზანი მხოლოდ მთვარისა და მარსის მშვიდობიანი კვლევა არ უნდა იყოს.
კომენტარები