Breakthrough Listen-მა, კერძო პროექტმა, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციის მტკიცებულებებს ეძებს, დაიწყო ოპერაციები სამხრეთ აფრიკაში განლაგებულ MeerKAT-ის რადიოტელესკოპთა წყებაზე. მომდევნო ორი წლის განმავლობაში გუნდი მოიძიებს მილიონზე მეტ ახლომდებარე ვარსკვლავს, რაც 1000-ით გაზრდის დაკვირვებულ სამიზნეთა რაოდენობას.

"ძალიან აღელვებული ვარ იმით, რომ შევძლებ ტექნოხელწერების ძიებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ტელესკოპით", — ამბობს Breakthrough Listen-ის MeerKAT პროექტის მეცნიერი ჩერი ენჯი. "MeerKAT მოგვცემს შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ დედამიწის ყველაზე კაშკაშა რადიოშუქურების მსგავსი გადამცემები 250 სინათლის წლის მანძილზე."

ამ დიაპაზონში, დაახლოებით, 260 000 ვარსკვლავია. უფრო შორს მდებარე ვარსკვლავების შემთხვევაში ძიება უფრო რთული ხდება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შორეული წყაროებიდან სიგნალების აღმოჩენის შანსი.

არამიწიერი ცივილიზაციის კვლევები (SETI) არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, რადგან ისინი იშვიათად იღებს სამთავრობო დაფინანსებას. NASA, დიდწილად, ერიდება SETI-ს კვლევას 1993 წელს დაგეგმილი მაღალი რეზოლუციის მიკროტალღური კვლევის (High Resolution Microwave Survey) გაუქმების შემდეგ. მაგრამ მილიარდერების, ჯულია და იური მილნერების, კერძო დაფინანსებამ SETI-ს ბოლო წლების განმავლობაში სტიმული მისცა.

ასევე იხილეთ: 4 ტექნოხელწერა, რომლითაც კაცობრიობა უცხოპლანეტური ცივილიზაციის აღმოჩენას ცდილობს

SETI-ს დაკავშირება კონსპირაციულ თეორიებთან დროდადრო ჩრდილავს მის პოტენციალს, უპასუხოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვას, რომელიც კაცობრიობას აწუხებს: ვართ თუ არა მარტო სამყაროში?

Breakthrough Listen იყენებს აშშ-ში მდებარე Green Bank-ის ტელესკოპსა და ავსტრალიაში განთავსებულ Parkes ტელესკოპს. რაც შეეხება MeerKAT-ს, იგი პროექტის უახლესი შენაძენია. MeerKAT-ის 64-თეფშიან წყებას, Green Bank-ის ტელესკოპთან შედარებით, შეუძლია ცის 50-ჯერ დიდ მონაკვეთზე დაკვირვება, რაც მას აქცევს განსაკუთრებულ ხელსაწყოდ ახლო გალაქტიკური უბნების გამოსაკვლევად.

MeerKAT-ის თეფშები

ფოტო: SOUTH AFRICAN RADIO ASTRONOMY OBSERVATORY

აღსანიშნავია, რომ MeerKAT-ზე Breakthrough Listen-ის პროგრამული უზრუნველყოფა "კომენსალურ რეჟიმში" მუშაობის საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებს ტექნოხელწერების ძიება შეუძლიათ სხვა ასტრონომების კვლევებისთვის ხელის შეშლის გარეშე.

"ხედვის ასეთი ვრცელი არეალი, როგორც წესი, მოიცავს ბევრ ვარსკვლავს, რომლებიც საინტერესო სამიზნეებია ტექნოხელწერების საძიებლად", — აღნიშნავს Breakthrough Listen-ის მთავარი მკვლევარი ენდრიუ სიმიონი. "ჩვენი ახალი სუპერკომპიუტერი საშუალებას გვაძლევს, გავაერთიანოთ სიგნალები 64 თეფშიდან, რათა მივიღოთ ამ სამიზნეების მაღალი გარჩევადობის სკანირებები შესანიშნავი მგრძნობელობით — ეს ყველაფერი კი იმგვარად, რომ ხელი არ შევუშალოთ ტელესკოპზე მომუშავე სხვა ასტრონომების კვლევებს."

ერთ-ერთი პირველი სამიზნე, რომელსაც Breakthrough Listen დააკვირდება MeerKAT-ით, არის პროქსიმა კენტავრი (Proxima Centauri) — ახლომდებარე ვარსკვლავი, რომლის საცხოვრებლად ვარგის ზონაში ჩვენთვის ცნობილი 2 კლდოვანი პლანეტა მოძრაობს. თუმცა ასტრონომებს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია იქ ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციების პოვნა.

ასტრონომთა ერთი ბანაკის აზრით, თუკი იქ სიცოცხლეა, მაშინ მას აქამდე აღმოვაჩენდით. ეს წარმოადგენს წინაპირობას ფერმის პარადოქსისა, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე, სავარაუდოდ, სამყაროს სხვა ნაწილებშიცაა გავრცელებული და უცნაურია, რომ იგი აქამდე არ გვიპოვია. 1961 წელს შემუშავებული დრეიკის განტოლება, ადგენს რა სამყაროში სიცოცხლის პოვნის კონკრეტულ ალბათობებს, ცდილობს, მათემატიკურად წარმოადგინოს ფერმის პარადოქსი.

ასევე იხილეთ: ბერსერკერის ჰიპოთეზა: რა მოხდება, თუკი უცხოპლანეტური ცივილიზაცია ჩვენს რადიოსიგნალებს აღმოაჩენს?

ჯერჯერობით, ET-ის ნიშნები არ გვიპოვია. შემთხვევითი უცნაურობები, როგორიცაა "Wow! სიგნალი" 1977 წელს, შემდგომ კვლევებში არ განმეორებულა. ეს უცნაურობები, საუკეთესო შემთხვევაში, დაუზუსტებელი მინიშნებებია იმისა, რომ რაღაც სხვაც არსებობს. გარდა ამისა, ისინი ხშირად, შესაძლოა, იყოს დედამიწის სხვა ნაწილიდან წამოსული სიგნალები, რომლებსაც, შეცდომით, არამიწიერ ცივილიზაციას უკავშირებენ.

Breakthrough Listen-ის წინაპირობას წარმოადგენს აზრი, რომ თუკი არ მოვძებნით, ვერც ვიპოვით. MeerKAT-ის ძლიერი შესაძლებლობები კი ამ ძიებას უფრო საფუძვლიანს გახდის. თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორ დასრულდება ძიება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.