რა განასხვავებს OCD-ის OCPD-ისგან? — სიმპტომები
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ. ის შესაძლოა, ზოგ ადამიანს პიროვნულ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაში (OCPD) აერიოს, რომელიც, რეალურად, მისგან განსხვავებული ხასიათისაა, თუმცა გარკვეული მსგავსებაც ვლინდება.
OCD მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც ჭარბი ფიქრიანობითა და განმეორებითი ქცევებით ვლინდება. მეორე მხრივ, OCPD პიროვნულ აშლილობებში ერთიანდება, ბევრად ხანგრძლივად მიმდინარეობს და გავლენას ახდენს როგორც ქცევებსა თუ ფიქრებზე, ასევე ხასიათზე.
სიმპტომები
OCD-ის მქონე ადამიანებს აკვიატებები და შიშები უვითარდებათ, რომლებიც სხვადასხვაგვარია:
- დაბინძურების შიში — ამ დროს თავს იჩენს, მაგალითად, მიკრობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, გარემოში არსებული მავნე ნივთიერებების შიში.
- სექსუალური აკვიატებები — სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიქრები და წარმოდგენები.
- ძალადობრივი აკვიატებები — შიში, რომ შესაძლოა, ვინმეს ზიანი მიაყენო, რასაც თან ერთვის ძალადობრივი ფიქრები და წარმოდგენები.
- რელიგიური აკვიატებები — ღმერთის მიმართ შეცოდებასთან დაკავშირებული შიშები და ეჭვები.
- აკვიატებები იდენტობაზე — ეჭვები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ან გენდერულ იდენტობაზე.
- აკვიატებული პასუხისმგებლობა — შიში, რომ რაღაც საშინელი შეიძლება მოხდეს ან ხდება, რაზეც პასუხისმგებელი თავად ხარ.
- პერფექციონიზმი — შეცდომების დაშვების შიში, იდეალურობისკენ სწრაფვა.
- აკვიატებები ურთიერთობებზე — მუდმივი შიში, რომ პირად ურთიერთობას პრობლემა შეექმნება.
ამ აკვიატებების გამო, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პირებში ვლინდება ხშირი დასუფთავება ან დაბანა, სიტყვების ან ქცევების გამეორება, სიტუაციებზე ზედმეტად დაკვირვება, ნივთების განლაგების ცვლილება "იდეალური" წყობის მისაღწევად, რაიმეს კეთების დროს თვლა და ა.შ.
OCPD-ის სიმპტომებია:
- ზედმეტი თავდადება სამსახურში, რაც სხვა აქტივობებს უშლის ხელს
- უმნიშვნელო წესების, დეტალებისა და სიების აკვიატება
- ზედმეტი პერფექციონიზმის გამო საქმის ბოლომდე ვერ მიყვანა
- მორალური და ეთიკური წესების აკვიატება
- შეგროვებითი ჩვევები
დიაგნოსტირება და მკურნალობა
OCD-ის დიაგნოსტირებისთვის სპეციალური ტესტი არ არსებობს. იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა მსგავსი აშლილობა, სპეციალისტი კითხვებს დაგისვამთ. როგორც წესი, ისინი შიშებსა და აკვიატებებს ეხება.
OCPD-ის შემთხვევაში, საქმე ოდნავ სხვაგვარადაა. კერძოდ, მსგავსი დიაგნოზის მისაღებად, ადამიანი ჩამოთვლილიდან 4 ან მეტ პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს:
- საქმის დასრულებაში ხელის შემშლელი პერფექციონიზმი
- სამსახურის გამო ურთიერთობების მივიწყება
- თანხის შეგროვება გამოუვალი მდგომარეობისთვის
- ეთიკურობასთან, მორალთან და ღირებულებებთან დაკავშირებული აკვიატებები
- იმ ნივთებთან ძნელად შელევა, რომლებსაც აღარ იყენებთ
- მკაცრი პრინციპულობა
- წესრიგის შენარჩუნება სიებისა და გეგმების გამოყენებით
- კონკრეტული ნაბიჯის გადადგმამდე გარანტიების ქონის სურვილი
ასევე, OCPD-ის დიაგნოსტირება ექიმის მიერ თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის კითხვების დასმასაც გულისხმობს. მნიშვნელობა ენიჭება, რამდენი ხანია, რაც აშლილობის სიმპტომები გამოგივლინდათ, რადგან ამ პრობლემით იბადებიან, OCD კი შემდგომ, რაღაცის გავლენით უყალიბდებათ.
თითოეული აშლილობით მცხოვრები ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითად, OCPD-ის შემთხვევაში ხშირად პრობლემის გააზრება უჭირთ და იმპულსებს ბრმად მიჰყვებიან. ისინი მთლიანი სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობენ, როცა OCD-ის მქონე ადამიანები უფრო კონკრეტულ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ასეთი სხვაობის მიუხედავად, მსგავსებები ნამდვილად არსებობს, თუმცა მკურნალობის პროცესი ერთნაირი არაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ორივე აშლილობა ერთად იჩენს თავს. ამ დროს OCD-ის სიმპტომები გამძაფრებულია და დეპრესიისა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულების რისკს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ისინი, ვისაც ორმაგი დიაგნოზი აქვთ, კოგნიტიურ-ბიჰევიორისტულ თერაპიაზე დადებითად არ რეაგირებენ ხოლმე. გარკვეულწილად უშედეგოა ERP თერაპიაც, რაც OCPD-ისთვის დამახასიათებელი ნდობისა და აღიარების პრობლემების ბრალია.
ორივე აშლილობის მკურნალობისას ყველაზე მნიშვნელოვანი დრო და მოთმინებაა.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები