ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები, რომელთაც ოქროს ენა აქვთ
ძველეგვიპტურ არქეოლოგიურ ზონაში, რომელიც Taposiris Magna-ს სახელითაა ცნობილი, მეცნიერებმა ოქროს ენის მქონე მუმიები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო ავრცელებს.
სპეციალისტებისგან ვიგებთ, რომ მუმიფიცირებული ცხედრების პირის ღრუში ენის ფორმის ოქროს ფირფიტებს მიაგნეს, თუმცა მათი სხეულები დღემდე კარგად არაა შემონახული. ასევე, სახვევების შიგნით მუმიების ძვლებს ოქრო ფარავს. იქ ხის ფისსაც მიაკვლიეს, რომელიც ბალზამირების პროცესში გამოიყენებოდა.
ასევე, იხილეთ: ეგვიპტური მუმიფიკაციის მიზანი გვამების შენახვა სულაც არ ყოფილა — დასავლური იდეა მცდარია
მსგავსი ნიმუშები არქეოლოგებმა 2021 წლის დასაწყისსა და დასასრულსაც აღმოაჩინეს. მათ შორის 2 500-ზე მეტი წლის წინანდელი მუმიები, რომლებიც კაცს, ქალსა და ბავშვს ეკუთვნის.
სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მუმიების პირის ღრუში ოქრო, სავარაუდოდ, იმ მიზნით მოათავსეს, რომ ამის დახმარებით ისინი საიქიო ცხოვრებაში გადაინაცვლებდნენ. მიიჩნევა, რომ ძველ ეგვიპტეში ოქროს ენა ერთგვარი შესაწირი იყო ღვთაება ოსირისისთვის, რომელიც, მათი წარმოდგენით, მკვდრებს შორის ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ ოსირისს სიჩუმის ღვთაებადაც მოიხსენიებდნენ, რის გამოც ეგვიპტეში დამარხვის პროცესში ხმაური იკრძალებოდა. ხმის ამოღება და მუსიკის დაკვრა მხოლოდ მაშინ იყო ნებადართული, როცა მომზადებისას ცხედარს პირს უღებდნენ.
გამოცემა ScienceAlert წერს. რომ ძველ ეგვიპტეში დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებში ოქრო ხშირად გამოიყენებოდა. ის "ღმერთების ხორცად" მიიჩნეოდა, განსაკუთრებით ეს მზის ღვთაება რას მიეწერებოდა, რომელიც დღესთან ასოცირდებოდა, ოსირისი კი — ღამესთან.
არაა გამორიცხული, რომ ოქროს ენის დანიშნულება ოსირისთან უხმოდ საუბრის შესაძლებლობა ყოფილიყო ან სინათლესთან კავშირის შენარჩუნება, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.
კომენტარები