Twitter-ზე ჩინეთის საპროტესტო ტალღის მხარდამჭერ პოსტებს პორნოგრაფიითა და სპამით ფარავენ
სპამის ძალიან დიდი რაოდენობა პროტესტის შესახებ ობიექტური და გამოსადეგი ინფორმაციის მიღებას შეუძლებელს ხდის.
Washington Post-ისა და TechCrunch-ის ცნობით, Twitter-ზე ძიების ველში დიდი ჩინური ქალაქების მოძებნის შემთხვევაში თქვენ პორნოგრაფიისა და აზარტული თამაშების შემცველი პოსტების ტალღას აღმოაჩენთ, რაც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დამალვას ემსახურება. პეკინისა (北京) და შანხაის (上海) ძიების შედეგებში ვაწყდებით ათასობით ასეთ სპამ პოსტს, რომელიც ბევრად აღემატება პროტესტის შესახებ ინფორმაციას.
ანალიზის მიხედვით, პეკინის ძიებისას მოპოვებული ტვიტების 95% სპამ ანგარიშებიდან იპოსტება, რომელთა 70%-მა აქტიურობა სწორედ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ყოველ ახალ სპამ ტვიტს შორის სულ რამდენიმე წამია და თითოეული ეს ანგარიში დღეში ათასობით ასეთ პოსტს აქვეყნებს.
TechCrunch-ის ცნობით, მედიის აქტიური სამთავრობო ცენზურის გამო პროტესტის მონაწილეები VPN-ის საშუალებით Twitter-სა და Telegram-ს იყენებენ, რათა კოორდინაცია და კომუნიკაცია შეძლონ. სპამის ძალიან დიდი რაოდენობა პროტესტის შესახებ ობიექტური და გამოსადეგი ინფორმაციის მიღებას შეუძლებელს ხდის.
BBC News-ის ინფორმაციით, ჩინეთის პოლიცია საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს აიძულებს, რომ მიტინგების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მობილურებიდან წაშალონ.
რაც შეეხება პროტესტს, ის დაკავშირებულია ჩინეთის კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასთან, რომელიც ჯერ კიდევ ითვალისწინებს კარანტინსა და ჩაკეტვას, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკა დიდი ხანია გრძელდება, ხალხის გაღიზიანება გამოიწვია ხანძარმა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი მძიმედ დაშავდა. ამავე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა BBC News-ს განუცხადა, რომ ხალხმა სახლის დატოვება კოვიდ შეზღუდვის გამო დაგვიანებით დაიწყო.
სპამის ეს ტალღა კი Twitter-ის პრობლემებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მას შემდეგ, რაც Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, სოციალური ქსელების გიგანტი გადაიბარა, გაჩნდა ეჭვები, რომ Twitter უსაფრთხო პლატფორმა აღარ იქნებოდა. ზემოთ აღწერილი ფაქტი ამ ეჭვებს ამყარებს. Twitter-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ჩინეთიდან წამოსული სპამის კონტროლზე პასუხისმგებელი გუნდის არც ერთი წევრი კომპანიაში აღარ მუშაობს.
მასკი, როგორც ჩანს, მაინც ხუმრობის ხასიათზეა, რადგან დაპოსტა მიმი, რომელზეც წაწერილია, რომ ეს ოპერაცია მას არ ადარდებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის თანამშრომლების თქმით, ამ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
კომენტარები