იშვიათი სანახაობა: უკრაინული დრონი რუსულს "შეებრძოლა" და ჩამოაგდო — ვიდეო
უკრაინული დრონი რუსულ დრონს შეაჯახეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ხმელეთისკენ მიიწევს
Clash Report-ის მიხედვით, რუსულ DJI Mavic კვადროკოპტერ დრონს უკრაინული დრონი პირველი მსოფლიო ომის საჰაერო ბრძოლის სტილში დაუპირისპირდა და ჩამოაგდო. ამ მეტად უჩვეულო სანახაობის კადრები Clash Report-მა გაავრცელა წარწერით "რუსული დრონი Z წარწერით, უკრაინულმა დრონმა ჩამოაგდო".
DJI-ის მონაცემებით, Mavic დრონს პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობა აქვს. DJI Mavic 3 აღჭურვილია 4/3 CMOS Hasselblad კამერით. ასევე, დრონს წინაღობის ნებისმიერი მიმართულებით შემჩნევა, 46 წუთის განმავლობაში ფრენა და 15 კილომეტრის სიშორეზე წასვლა შეუძლია, რაც მას მცირე დაზვერვითი ოპერაციებისთვის ძალიან კომფორტულად აქცევს.
ვიდეოში არ ჩანს, თუ რა მოხდა ზუსტად შეჯახებამდე, თუმცა უკრაინული დრონის კამერის მკვეთრი მოძრაობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის რუსულ დრონს შეაჯახეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ხმელეთისკენ მიიწევს.
ეს რუსეთ-უკრაინის ომში დრონების ჰაერში "ბრძოლის" ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა. როგორც უკრაინის, ისე აგრესორის შეიარაღებული ძალები ხშირად იყენებენ დრონებს, რათა ბრძოლის ველი აკონტროლონ.
ოქტომბერში ანალოგიური ვიდეო უკრაინელმა აქტივისტმა და ტელეწამყვანმა სერგეი პრიტულამაც გამოაქვეყნა. ამ ვიდეოშიც რუსული და უკრაინული კვადროკოპტერი DJI Mavic-ების შეტაკებაა ასახული.
ამ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინული დრონი რუსულს მიეპარა, დაეჯახა, დააზიანა და მიწისკენ გაგზავნა. Twitter-ის ზოგი მომხმარებელი დააეჭვა, რატომ შეიძლება გამოესახათ დრონზე Z სიმბოლო და, მათი აზრით, ეს დადგმაა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემართების გაძლიერებას ემსახურება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია და რუსეთის არმიისგან ასეთი, ერთი შეხედვით ალოგიკური ნაბიჯები არ გვიკვირს.
კომენტარები