გამოავლინეს 4 სახიფათო Android აპლიკაცია — უმჯობესია, ისინი ახლავე წაშალოთ
როგორ სანდოდაც არ უნდა გეჩვენოთ ესა თუ ის აპლიკაცია, მაინც ყოველთვის არსებობს შანსი, რომ იგი საზიანო პროგრამას შეიცავდეს.
ნოემბრის დასაწყისში Malwarebytes Labs-ის ანალიტიკოსებმა Google Play-ზე განთავსებული ოთხი Android აპლიკაცია გამოავლინეს, რომლებიც HiddenAds ტროიანით გახლდათ ინფიცირებული. ოთხივე მათგანი Mobile apps Group დეველოპერს ეკუთვნის, საერთო ჯამში კი ისინი მილიონზე მეტჯერ გადმოწერეს.
უწყების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ Google Play-მ ოთხივე აპლიკაცია წაშალა, მათი მწარმოებელი კი დაბლოკა. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი ისევ გაქვთ მობილურში, უმჯობესია, დაუყოვნებლივ წაშალოთ.
ეს ოთხი აპლიკაციაა:
- Bluetooth Auto Connect
- Bluetooth App Sender
- Driver: Bluetooth, Wi-Fi, USB
- Mobile transfer: smart switch
Malwarebytes-ის მიხედვით, ზემოთ მოყვანილი აპლიკაციები გადმოწერიდან 72 საათის განმავლობაში არანაირ საეჭვო ნიშანს არ ამჟღავნებს, თუმცა განზრახ მოწყობილი შეფერხების შემდეგ ისინი Chrome-ში ფიშინგის საიტების გახსნას იწყებს. ზოგიერთი მათგანი შედარებით უწყინარია და მომხმარებელს სხვადასხვა რეკლამაზე დაჭერისკენ უბიძგებს, თუმცა ზოგი ადამიანების გაცურებას ისახავს მიზნად და აჯერებს, რომ მოწყობილობა ინფიცირებულია ანდა განახლება სჭირდება.
ასევე იხილეთ: როგორ მივხვდეთ, რომ ტელეფონში ვირუსია? — 5 ნიშანი
აღსანიშნავია, რომ Mobile apps Group-მა წარსულში ამ აპლიკაციების უვნებელი ვერსია რამდენჯერმე ატვირთა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ყოველთვის საზიანო არ არის, რამაც, როგორც ჩანს, გარკვეული დროის განმავლობაში Google Play-ც გააცურა.
საბედნიეროდ, Google Play-იდან ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციების გადმოწერას ახალი მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ. იმ შემთხვევაში, თუკი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და გსურთ გაიგოთ, როგორ დაიცვათ თავი უკეთ ონლაინსივრცეში, შეგიძლიათ, ამ ბმულს ეწვიოთ და ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნოთ.
კომენტარები