არქეოლოგებმა კოლოსეუმში ტაქსა ძაღლის მსგავსი ნაშთები აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ პირველად აღმოაჩინეს ტაქსას მსგავსი პატარა ძაღლების ნაშთები 2 000 წლის წინანდელი ამფითეატრის სანიაღვრე არხების გათხრებისას. ეს ძაღლები, ალბათ, ტაქსას წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ. თანამედროვე ტაქსას ჯიში გაჩნდა მე-18 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში და შეიქმნა ხვრელებში ჩასაძრომად და მაჩვებზე სანადიროდ.
როგორც American Kennel Club იტყობინება, "ისინი გამოიყვანეს საშიშ ნადირზე დამოუკიდებელ მონადირეებად, რომლებსაც უზარმაზარი გაბედულების გამოჩენა შეუძლიათ".
არქეოლოგების თქმით, კოლოსეუმში ტაქსა ძაღლების ჯგუფებს, შესაძლოა, უფრო დიდ ცხოველებთან, მაგალითად, დათვებთან, აბრძოლებდნენ ან ასრულებინებდნენ აკრობატულ ილეთებს.
"ჩვენ ვიპოვეთ ძაღლების მრავალი ძვალი, რომლებიც თანამედროვე ტაქსას მსგავსია", — განუცხადა The Telegraph-ს კოლოსეუმის დირექტორმა ალფონსინა რუსომ. "მათი სიმაღლე 30 სანტიმეტრზე ნაკლები იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი შეიძლება გამოიყენებოდნენ აკრობატული ილეთების შესასრულებლად, როგორსაც დღეს ცირკში ნახავთ. ან, შესაძლოა, აჩხუბებდნენ დათვებთან და მსგავს ცხოველებთან. დანამდვილებით არ ვიცით."
როგორც ჩანს, ეს ძაღლები იყვნენ ე.წ. "ვენატიოს" ნაწილი. ვენატიო ძველ რომში წარმოადგენდა გართობის სახეობას სხვადასხვა ცხოველების მონაწილეობით, რომლებსაც ერთმანეთთან აჩხუბებდნენ ან ავარჯიშებდნენ ტრიუკების შესასრულებლად.
კოლოსეუმის არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს დიდი ძაღლების, ლეოპარდების, ლომების, დათვებისა და სირაქლემების ძვლები ძველ სანიაღვრეებში. ცხოველთა ნაშთებთან ერთად, მათ ასევე იპოვეს საჭმლის ნარჩენები, მათ შორის, ხილი, თხილი და ზეთისხილი, რომლებსაც მაყურებლები ჭამდნენ. ასევე აღმოაჩინეს გვიანი რომაული პერიოდის 50-ზე მეტი ბრინჯაოს და ვერცხლის მონეტა იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მმართველობის სამახსოვროდ.
კომენტარები