თიბისისა და ქართული რაგბის პარტნიორობა 2027 წლამდე განახლდა
2022 წლის 25 ნოემბერს ქართული რაგბის და თიბისის ხელმძღვანელებმა, იოსებ ტყემალაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პარტნიორობის 4-წლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თიბისი ქართული რაგბის პოპულარიზაციაზე იზრუნებს.
თიბისისა და ქართული რაგბის თანამშრომლობა მიზნად ისახავს, ქართული რაგბის განვითარებას, სოციალური პროექტების განხორციელებას, შიდა ჩემპიონატებისა და ფესტივალების ხელშეწყობას, ასევე ბრენდირებული პროდუქციის მასობრივ წარმოებასა და რეალიზაციას. შეგახსენებთ, რომ ქართული რაგბისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო, ახალი ხელშეკრულებით კი თანამშრომლობა 2027 წლამდე გახანგრძლივდა.
"დღევანდელი დღე თიბისისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2015 წლიდან დაწყებულ პარტნიორობას ახალი საფუძველი ეყრება. გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ და უფრო მაღალ ეტაპზე ავიყვანოთ. ეს იმას გულისხმობს, რომ გვინდა, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ იმ დიდ მიზნებში, რომელთა მიღწევაც ქართულ რაგბის სურს. ვაპირებთ, რომ რაგბის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ საერთაშორისო ბაზარზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაგბის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი პატარებში, უნდა შევუწყოთ ხელი და ამაში თითოეული თიბისელი თავიდან ბოლომდე გავიხარჯებით, რათა წარმატებას ერთად მივაღწიოთ", — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი ისტორიული სპორტის სახეობაა. ამის დასტური კი ქართული ეროვნული სპორტის სახეობა ლელობურთია, რომლის ისტორიაც XI საუკუნიდან იწყება.
ქართულ რაგბისთან თანამშრომლობის დაწყების აღსანიშნავ საღამოზე თიბისიმ შეკრებულ საზოგადოებას რამდენიმე ვიდეო აჩვენა. ვიდეოებმა, რომლებიც ქართული რაგბისა და რაგბისტების მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ მოგვითხრობდა, დიდი მოწონება დაიმსახურა.
"ქართულმა რაგბიმ ამ ბოლო, ძალიან მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და რაგბის მთელ სამყაროს აჩვენა, რომ უდიდესი განვითარების პერსპექტივა აქვს. საქართველოს, სადაც რაგბი მხოლოდ 60-იან წლებში დაიწყო, ამდენი სახელოვანი ვეტერანი მორაგბე ჰყავს, მათ მსოფლიო იცნობს და აღიარებს, ისინი ათწლეულების განმავლობაში დღევანდელ წარმატებებს საფუძველს უყრიდნენ", — განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.
ბოლო პერიოდში ქართველმა რაგბისტებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს, რაც ქვეყანაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. თუმცა ქართული რაგბი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მისი მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და საზოგადოების განვითარებას ხელი მაქსიმალურად შეიწყოს.
ქართული რაგბის სამომავლო სტრატეგიის ნაწილია ისეთ სოციალურ პროექტებში ჩართულობა, როგორებიცაა ინკლუზიურობის ხელშეწყობა სხვადასხვა თაობასა და სოციალურ ჯგუფებში, ქალების და გოგოების გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც თიბისის მხარდაჭერით განხორციელდება.
"თიბისი 2015 წლიდან არის საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი და სასიამოვნოა, რომ დღემდე ინარჩუნებს ნდობას, უფრო მეტიც, კიდევ უფრო ზრდის მხარდაჭერას. თიბისი ბანკი ხედავს ქართული რაგბის ბოლოდროინდელ შთამბეჭდავ შედეგებს და სრულად იზიარებს რაგბის კავშირის გრძელვადიანი განვითარების გეგმასაც. ვიმედოვნებ, რომ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც დაინახავენ თიბისისთან ჩვენი განახლებული ურთიერთობის სიკეთეს და ასევე შემოგვიერთდებიან. გამარჯვება ხომ მხოლოდ ერთობას მოაქვს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ ქართული რაგბის ყველა გულშემატკივრის სანუკვარ ოცნებას", — განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მნიშვნელოვანი ისტორიული გამარჯვებები მოიპოვეს. საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, ეს ყველაფერი საერთაშორისო დონეზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა და პასუხად, 6 ერის ტურნირის ორგანიზატორებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომ 6 ერის 18 წლამდელთა ფესტივალი საქართველოში ჩატარდეს და მასში ქართველმა ახალგაზრდა რაგბისტებმაც მიიღონ მონაწილეობა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თიბისი საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად გეგმავს, რომ საერთო პროექტების მეშვეობით, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს რაგბით, ჩაერთოს ამ სპორტის სახეობაში და როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც წარმატებას მიაღწიოს.
კომენტარები