აშშ-ში 30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ
მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს აშშ-ში, ტენესის შტატში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში ტყუპი და-ძმა დაიბადა. ეს მოვლენა ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ახალშობილები ჯერ კიდევ 1992 წელს გაყინული ემბრიონებიდან განვითარდნენ.
მათ მშობლებს, რეიჩელსა და ფილიპს შვილები მანამდეც ჰყავდათ, თუმცა რამდენიმე წლის წინ ემბრიონთა დონაციის შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, ეს შანსი გამოეყენებინათ.
ყველაფერი ხელოვნური განაყოფიერების დამსახურებაა, რომელსაც წყვილები ჩასახვის პრობლემების დროს მიმართავენ. ლაბორატორიულ პირობებში ამ გზით რამდენიმე ემბრიონი ყალიბდება, თუმცა ტრანსპლანტაციისთვის ყველა მათგანი არ გამოიყენება, ამიტომ დანარჩენი იყინება. სწორედ ასე მოხდა ტყუპების, ტიმოთისა და ლიდიას შემთხვევაშიც.
2007 წლამდე ემბრიონები აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე, სპეციალურ დაწესებულებაში ინახებოდა, სანამ მათ გენეტიკური მშობლები (რომელთა ვინაობაც უცნობია) ტენესის შტატში არსებულ დონაციის ცენტრს გადასცემდნენ. რეიჩელმა და ფილიპმა ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა გაიარეს და არჩევანი ყველაზე "ხნიერ" 5 ემბრიონზე შეაჩერეს.
2 მათგანი სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა, ამიტომ ქალის ორგანიზმში 3 ემბრიონი გადაიტანეს, საიდანაც, როგორც ვხედავთ, 2 განვითარდა.
"ამ ყველაფერში არის რაღაც გასაოცარი: ისინი ყველაზე უფროსი შვილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს გაჩნდნენ", — ამბობს ტყუპების მამა, რომელიც და-ძმის ემბრიონების შექმნისას მხოლოდ 5 წლის იყო.
კომენტარები