სიჩქარის სამი რეკორდი ერთ გასვლაში: Pininfarina-ს ელექტრომობილმა ისტორია დაწერა
ავტომობილის მეოთხე რეკორდი 31 მეტრში გაჩერებაა...
ცოტა ხნის წინ, ძვირადღირებული ავტომობილების იტალიური მწარმოებლის Automobili Pinifarina-ს ელექტრო ჰიპერქარმა Battista-მ აჩქრებისა და დამუხრუჭების ოფიციალური რეკორდები დაამხო.
Battista-ის დებიუტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის ავტოდრომზე შედგა, სადაც ავტომობილმა თავისი შეუდარებელი დინამიკური შესაძლებლობები ყველას აჩვენა.
დაძვრის კონტროლის ექსკლუზიური სისტემა Battista-ს ეხმარება, რომ ფორმულა 1-ის ბოლიდზე სწრაფად აჩქარდეს და შემდეგ სიჩქარეებს მიაღწიოს: ადგილიდან 0-100 კმ/სთ სიჩქარე 1.86 წამში, 0-200 კმ/სთ კი 4.75 წამში განავითაროს.
ასეთ სწრაფ ავტომობილებს მძლავრი სამუხრუჭე სისტემა სჭირდებათ, გამოცდის ოფიციალური შედეგების მიხედვით კი Battista ამაშიც საუკეთესოა და მას 100 კმ/სთ სიჩქარეზე დამუხრუჭებისას სრულად გასაჩერებლად 31 მეტრიც არ სჭირდება.
1900 ცხენის ძალითა და 2,340 ნიუტონ-მეტრი ბრუნვის მომენტით, სრულად ელექტრო Battista ყველაზე მძლავრი ავტომობილია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ელექტრომობილის ფასი 2.2 მილიონ ევროს აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია, ხოლო სრულად დამუხტულ ბატარეას 476 კმ-ის გავლა შეუძლია. წლის დასაწყისში, საერთაშორისო გამოცდის ფარგლებში Nard-მა Battista-ს შესაძლებლობები დაადასტურა.
მსოფლიოში მხოლოდ 150 Battista იარსებებს, თითოეულის აწყობას კი კამბიანოში არსებულ ქარხანაში ექსპერტების 1250 საათიანი მუშაობა დასჭირდა. კომპანია მსურველებს ინტერიერის 128 მილიონ განსხვავებულ კომბინაციას სთავაზობს. ავტომობილის კორპუსის ფერისა და დეტალების პერსონალიზებული დიზაინის შექმნის გარდა, მომხმარებლებს ინტერიერის სრულყოფილად შექმნაც შეეძლებათ.
"მე ვამაყობ, რომ ჩვენმა ახალმა ელექტრო ჰიპერქარმა შეძლო იმ პირობების შესრულება, რომელიც ჩვენ განვითარების გეგმის დასახვისას დავდეთ. მეტიც, Battista-მ შეძლო მიეღწია ჩვენს თავდაპირველ გეგმებზე მაღალ სიმაღლეებამდე. Battista-ს გასაოცარი ტექნიკური პაკეტი მოიცავს უნიკალურ სამუხრუჭე სისტემასაც, რომელიც მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დამუხრუჭებად ელექტრომობილად აქცევს". — განაცხადა Automobili Pininfarina-ს პროდუქციისა და ინჟინერიის მთავარმა ოფიცერმა პაოლო დელაჩამ.
კომენტარები