NASA-ში აცხადებენ, რომ ამ დეკადის მიწურულისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) წარმომადგენელმა, მთვარის პროგრამა Orion-ს ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰუმ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დეკადის მიწურულისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ. მისი თქმით, 2030 წლისთვის ასტრონავტები დედამიწის თანამგზავრზე უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩებიან.
"რა თქმა უნდა, ამ დეკადაში ადამიანები მთვარეზე გარკვეული ხანგრძლივობით გაემგზავრებიან, გააჩნია, რამდენ ხანს დაყოფენ ისინი ციური სხეულის ზედაპირზე. მათ საცხოვრებელი ადგილი და მთვარემავლები ექნებათ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ზედაპირზე ასტრონავტები გავუშვათ, რომლებიც იქ იცხოვრებენ და მეცნიერულ კვლევებს ჩაატარებენ", — ამბობს ჰოვარდ ჰუ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე 16 ნოემბერს ისტორიული მისია Artemis 1 გაეშვა. უმძლავრესმა რაკეტამ Space Lunch System ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი Orion გაიყვანა, რომელიც ახლა მთვარისკენ მიიწევს. აპარატი მას ჩაუვლის და დაახლოებით 70 000 კილომეტრით გასცდება, ანუ იმაზე შორს წავა, ვიდრე ადამიანს ოდესმე უმოგზაურია. ამ დროს ის დედამიწისგან 500 000 კილომეტრის მოშორებით იქნება.
ახლა კოსმოსურ ხომალდში მხოლოდ მანეკენები არიან, რომელთა მაგალითზეც სპეციალისტები საჭირო ინფორმაციას მოიპოვებენ და მას სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების უსაფრთხოდ და ეფექტიანად განსახორციელებლად გამოიყენებენ.
ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
"ეს პირველი ნაბიჯია, რომელსაც ღრმა კოსმოსის ხანგრძლივი კვლევისთვის ვდგამთ, არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, NASA-სთვის ეს ისტორიული დღეა ისევე, როგორც ყველა ადამიანისთვის, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობა და მისი შესწავლა აინტერესებს. ჩვენ მთვარეზე ვბრუნდებით", — აცხადებს პროგრამა Orion-ის ხელმძღვანელი.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ასტრონავტები მთვარეზე დასაშვებად 2025 წელს გაემგზავრებიან, რაც 1972 წლის შემდეგ პირველი მსგავსი მცდელობა იქნება. აღსანიშნავია, რომ ციურ სხეულზე ფეხს პირველი ქალი დადგამს, შემდეგ კი მთვარეს პირველი ფერადკანიანი ეწვევა.
ასევე, იხილეთ: ქართველი სპეციალისტის წვლილი მთვარის მისია Artemis 1-ში — ინტერვიუ ლევან ელბაქიძესთან
"სამომავლო წინსვლა მარსს უკავშირდება. ეს გარდამტეხი მომენტი იქნება, რასაც 2-წლიანი მოგზაურობა დასჭირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება დედამიწის ორბიტის მიღმა მივიღოთ, ვისწავლოთ და შემდეგ მარსისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.
Artemis-ის მისიები საშუალებას მოგვცემს, რომ მდგრადი პლატფორმა და სატრანსპორტო სისტემა გვქონდეს, რომლის მეშვეობითაც ვისწავლით, როგორ ვიფუნქციონიროთ ღრმა კოსმოსის პირობებში", — ამბობს ჰოვარდ ჰუ.
კომენტარები