Facebook Story-ზე საჯარო კომენტარები იწერება — ახალი ფუნქცია ქართველ მომხმარებლებთანაც გამოჩნდა
ფუნქციაზე, რომელსაც Facebook აქამდეც ტესტავდა, უკვე ქართველი მომხმარებლების ნაწილსაც მიუწვდება ხელი — ამიერიდან Story-ებზე კომენტარების დაწერა შეგეძლებათ.
ის, თუ ვინ იხილავს თქვენს კომენტარს, თავად დადებული Story-ს აუდიენციაზეა დამოკიდებული: თუკი მომხმარებელი მას მხოლოდ მეგობრებს უზიარებს, დატოვებულ კომენტარებსაც მხოლოდ ეს ადამიანები იხილავენ, საჯარო აუდიენციის შემთხვევაში კი იგი ყველასთან გამოჩნდება.
რა თქმა უნდა, Story-ს ავტორისათვის საკუთარი აზრის პირადად გაზიარება ახლაც შეგეძლებათ — Messenger-ზე შეპასუხების ფუნქცია არსად გამქრალა.
ამასთანავე, თუკი არ გსურთ, ვინმემ თქვენს Story-ზე კომენტარი დატოვოს ანდა პირიქით, ამის დარეგულირება მარტივადაა შესაძლებელი: Story-ს დადებამდე ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში Privacy ღილაკზე უნდა გადახვიდეთ, შემდეგ კი Commenting settings პარამეტრებიდან კომენტირება ჩართოთ/გამორთოთ.
გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული ფუნქცია ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯერაც არ არის. ვინაიდან პლატფორმაზე მსგავსი სიახლეები ეტაპობრივად ინერგება ხოლმე, ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ Story-ზე კომენტარების დაწერის საშუალება დროთა განმავლობაში მეტ ადამიანს მიეცემა.
კომენტარები