მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ Google Pay-ს გამოყენებას — ინტერვიუ ანა ნინუასთან
Google Pay უკვე საქართველოშია, რაც იმას ნიშნავს, რომ Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ქართული ბანკების ბარათების დამატება გუგლის საფულეში და აპლიკაციით უკონტაქტო გადახდა. რა თქმა უნდა, გადახდის აქამდე არსებული საშუალებები ისევ ფუნქციური და ხელმისაწვდომია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში ელოდა გლობალური გადახდის სისტემის — Google Pay-ს ამოქმედებას.
ასევე იხილეთ: ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ: Google Pay საქართველოშიც ხელმისაწვდომია
რის საშუალებას გვაძლევს Google Pay და რა ბედი ელის ლოკალურ უკონტაქტო გადახდის საშუალებებს, რომელთაც ქართული ბანკები აქამდე გვთავაზობდნენ. ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსს, ანა ნინუას ვესაუბრეთ:
საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია. რის საშუალებას მოგვცემს ეს?
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ უკვე ისარგებლონ მაღალი სტანდარტების მქონე Google Pay -ს სერვისით. უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ შეასრულონ: უკონტაქტო გადახდები პოს ტერმინალებზე, გაანაღდონ თანხა ბანკომატიდან და შეასრულონ ოპერაციები ელექტონული კომერციის არხში იმ ობიექტების ვებგვერდებზე, რომლებსაც აქვთ Google Pay-ს მხარდაჭერა.
უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობას აქამდეც აძლევდა საქართველოს ბანკი მომხმარებელს. რითი განსხვავდება Google Pay ბანკის მიერ შექმნილი ან ლოკალური საშუალებისგან (TSKAPP)?
ბანკის მიერ შექმნილ / ლოკალურ აპლიკაციაში (TSKAPP) საქართველოს ბანკის მომხმარებლებს არ ჰქონდათ AMEX-ის ტიპის ბარათების დამატების შესაძლებლობა.
ხოლო Google Pay-ს შემთხვევაში აპლიკაციას აქვს საქართველოს ბანკის ყველა ტიპის ბარათის მხარდაჭერა და მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე. საფულეში ბარათის დამატება შესაძლებელია მარტივად მბანკიდან და ასევე საბარათე მონაცემების ხელით შეყვანის გზით.
ნიშნავს თუ არა გლობალური გადახდის სერვისების (Apple Pay, Google Pay) მსგავსი ადგილობრივი გადახდის საშუალებების შესუსტებას?
ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია გვქონდეს გლობალური, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გადახდის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებას.
ასევე იხილეთ: Google Pay საქართველოშია და საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია
სად და როგორ შეუძლია საქართველოს ბანკის მომხმარებელს Google Pay-ს გამოყენება? რამდენად ეხება ეს მთელ საქართველოს?
Google Pay-ს გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც დაშვებულია უკონტაქტო გადახდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ.საქართველოს ბანკის ქსელში, გამომდინარე იქიდან, რომ უკონტაქტო სერვისის 100%-იანი დაფარვაა ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ სერვისის გამოყენებას. Google Pay-ით ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია მარტივად, ტელეფონის ერთი შეხებით.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდი მოთხოვნა არსებობდა ამ სერვისის ამოქმედების კუთხით საქართველოში და რა მოლოდინები გაქვთ? რამდენად აქტიურად მოიხმარს ქართველი მომხმარებელი Google Pay-ს?
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი აქტივობა და ინტერესი იგრძნობოდა ანდროიდის მომხმარებლების მხრიდან, დარწმუნებულები ვართ, რომ პროდუქტი წარმატებული იქნება საქართველოს ბაზარზე. აშკარაა მომხარებლების მზაობა ინოვაციური და მოქნილი საგადახდო ინსტუმენტების მიმართ. ჩვენი მოლოდინი კიდევ უფრო გაამყარა გაშვების დღეს არსებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით საფულეში ბარათების დამატების აქტივობა უკვე რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
ასევე იხილეთ: Google Pay უკვე საქართველოშია — როგორ უნდა ისარგებლო Google Wallet-ით
კომენტარები