ილონ მასკის თქმით, Twitter-ზე აღარ გამოჩნდება, რა მოწყობილობიდან აიტვირთა ტვიტი
Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, განცხადებით, მომავალში პლატფორმაზე აღარ გამოჩნდება, რომელი მოწყობილობიდან აიტვირთა ტვიტი — აიფონიდან, ანდროიდიდან თუ ვებსაიტიდან.
"საბოლოოდ შევწყვეტთ იმის დამატებას, თუ რომელ მოწყობილობაზე დაიწერა ტვიტი", — წერს მასკი და მიიჩნევს, რომ ეს ეკრანზე სივრცის უბრალო ფლანგვაა — "ნამდვილად არავინ იცის, რატომ ვაკეთებდით ამას".
ფუნქციის სარგებლიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრიც არსებობს.
განცხადებას კრის მესინა გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს Twitter-ის მესამე მხარის კლიენტებისათვის (თუნდაც Tweetie და TweetDeck) ხილვადობის უზრუნველსაყოფად კარგი გზა იყო. ამასთანავე, გამოსადეგი იყო "სტატუსის ინდიკატორის" ფუნქციითაც და აჩვენებდა, დესკტოპიდან გაიგზავნა ტვიტი თუ მობილურიდან. მესინას მოსაზრებას Twitter-ის ყოფილი აღმასრულებელი და დირექტორი და მისი თანადამფუძნებელი, ჯეკ დორსიც, დაეთანხმა.
აღსანიშნავია, რომ ფუნქციის საშუალებით სარეკლამო ტვიტების სიყალბის შეფასებაც შეგვეძლო. მაგალითისთვის, ბრენდის წარმომადგენელმა გალ გადოტმა Twitter-ზე ვიდეო განათავსა, რომელშიც თავისი ახალი Huawei Mate 10 Pro-თი ჩნდება, თუმცა ჩანს, რომ ტვიტი სინამდვილეში iPhone-იდანაა განთავსებული.
საბოლოო ჯამში, მასკს არ დაუკონკრეტებია, როდის იგეგმება ფუნქციის გაუქმება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი მხრიდან ამგვარი ცვლილებები საკმაოდ ქაოსურად მიმდინარეობს — მასშტაბური პრობლემების გამო ფასიანი ვერიფიკაციის ფუნქციის გამოშვება შეჩერდა — ამიტომაც უმჯობესია, მოვლენების განვითარებას მივადევნოთ თვალი.
კომენტარები