მზადება "რთული დღეებისთვის": ილონ მასკი Twitter-ში დისტანციურ მუშაობას კრძალავს
Bloomberg-ის უწყებით, ილონ მასკი Twitter-ში ამიერიდან დისტანციურ მუშაობას კრძალავს. ახალი წესის შესახებ მან თანამშრომლებს ოთხშაბათს აცნობა.
ბიზნესმენის თქმით, თანამშრომლებმა კვირაში 40 საათი უნდა იმუშაონ ოფისიდან, თუ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ნებართვას თავად არ გასცემს. მისი აზრით, ისინი "რთული დღეებისთვის" უნდა მოემზადონ — მასკს ახლად შეძენილ კომპანიაში დიდი გეგმები აქვს და სურს, საწევრო გადასახადებმა მთლიანი მოგების ნახევარი შეადგინოს.
Twitter-ში დისტანციური მუშაობის პრაქტიკა პანდემიის პერიოდში დაინერგა. შემოიღეს დამატებითი დასვენების დღეებიც, თუმცა მასკი ამ წამოწყებასაც კრძალავს: მისი თქმით, Twitter-ის სასიკეთოდ ცვლილებას "ინტენსიური მუშაობა" დასჭირდება.
ასევე იხილეთ: ილონ მასკმა Twitter-ში შემცირებები დაიწყო
საგულისხმოა, რომ ოფისიდან მუშაობა სავალდებულოა მასკის ორ სხვა კომპანიაშიც, SpaceX-სა და Tesla-ში, თუკი ხელმძღვანელობა არ გასცემს შესაბამის ნებართვას.
როგორც მილიარდერმა აღნიშნა, Twitter-ის პრიორიტეტი — Twitter Blue-ს გამოშვებას თუ არ ჩავთვლით — ავტომატიზებულ ანგარიშებთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილების მოგვარებაა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენის მხრიდან Twitter-ის შეძენამდე მასა და კომპანიას შორის მნიშვნელოვანმა განხეთქილებამაც იჩინა თავი — მილიარდერს სჯეროდა, რომ კომპანია პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას მას არასრულად აწვდიდა, კერძოდ, რიცხვს ამცირებდა. ამის გამო მან Twitter-ის შესყიდვა დროებით გადაიფიქრა კიდეც.
კომენტარები