ოსირისის ძველეგვიპტური ტაძრის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს — გზა კლეოპატრას საფლავისკენ?
ძველეგვიპტური ღვთაების, ოსირისის სახელზე აგებული ტაძრის ქვეშ არქეოლოგებმა საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ გზას შესაძლოა, დედოფალ კლეოპატრასა და მისი ქმრის, მარკუს ანტონიუსის საფლავებამდე მივყავდეთ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.
1 305 მეტრი სიგრძის გვირაბს მეცნიერებმა ალექსანდრიაში მდებარე, Taposiris Magna-ს სახელით ცნობილი ტაძრის დაბლა მიაკვლიეს. ის ხმელეთიდან დაახლოებით 13 მეტრ სიღრმეზეა განლაგებული და ქვაშია გამოკვეთილი. აღმოჩენის შესახებ, რომელიც დომინიკურ-ეგვიპტურ მისიაში მონაწილე სპეციალისტებს ეკუთვნით, ინფორმაცია ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ გაავრცელა.
გვირაბს მეცნიერები "ინჟინრულ საოცრებას" უწოდებენ. ის არქიტექტურულად ძალიან ჰგავს საბერძნეთში მდებარე 1 036-მეტრიან ევპალინოსის გვირაბს, რომელიც კასტროს მთაში გადიოდა აკვედუკის (ერთგვარი არხი) ფუნქცია ჰქონდა, სანამ კოლაფსს განიცდიდა. აღსანიშნავია, რომ ახალაღმოჩენილ სტრუქტურასაც იგივე ბედი ეწია მას შემდეგ, რაც საუკუნეების წინ ეგვიპტის სანაპიროს სულ მცირე 23 მიწისძვრა დაატყდა თავს.
არქეოლოგები Taposiris Magna-ს უკვე მრავალი წელია, იკვლევენ. 2009 წლიდან მოყოლებული, ხშირად გაჟღერებულა ვარაუდი, რომ იქ კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის საფლავებია განთავსებული. მათ ურთიერთობას შექსპირმა პიესაც კი მიუძღვნა, ბერძენი ისტორიკოსის, პლუტარქეს ცნობით კი ისინი ერთად არიან დამარხულნი.
ტაძარში ნაპოვნი რამდენიმე არტეფაქტი მიანიშნებს, რომ მათი საფლავები ახლოშივეა. ნიმუშებს შორისაა მონეტები, რომლებიც კლეოპატრას სახელს ატარებს და ფრაგმენტები ნიღბისა, რომელზეც მარკუს ანტონიუსი უნდა ყოფილიყო გამოსახული.
კონკრეტულად ამ გვირაბს შესაძლოა, ზემოხსენებულ საფლავებამდე სულაც არ მივყავდეთ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სამომავლო გათხრებმა სწორ გზაზე დაგვაყენოს და დიდ აღმოჩენამდე მიგვიყვანოს.
კომენტარები