სატვირთო კოსმოსური ხომალდი ISS-სკენ მიმავალ გზაზე მწყობრიდან გამოვიდა
მიუხედავად ამისა, ხომალდს მისიის დასრულება ჯერ კიდევ შეუძლია
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფ ასტრონავტებს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ტვირთისათვის მოცდა მოუწიოთ, რადგან ხომალდი, რომელსაც "გზავნილი" უნდა მიეტანა, მოულოდნელ პრობლემას წააწყდა.
Northrop Grumman-ის მიერ აგებულ სატვირთო კოსმოსურ ხომალდ NG-18 Cyngus-ს საკვები და საკვლევად აუცილებელი ინვენტარი გადაჰქონდა (ჯამში 4 ტონა ტვირთი). ვირჯინიადან ხომალდი 7 ნოემბერს უპრობლემოდ აფრინდა, თუმცა რაკეტასთან განშორებისა და ISS-ის მიმართულებით გეზის აღების შემდეგ თავი ხარვეზმა იჩინა.
უფრო ზუსტად, ორი მზის ბატარეიდან, რომლებიც ხომალდს ენერგიით კვებავენ, ერთ-ერთი არ გაიშალა. ამჟამინდელი მონაცემებით, რომელიც NASA-მ გაავრცელა, Northop Grumman აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან ერთად მუშაობს მეორე ბატარეის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე.
მიუხედავად პრობლემისა, Northop Grumman ინარჩუნებს ოპტიმიზმს იმის თაობაზე, რომ Cyngus-ს დარჩენილი ენერგია მოგზაურობის წარმატებით და, მეტიც, გრაფიკის შესაბამისად დასასრულებლად ეყოფა.
NG-18 Cyngus ერთ-ერთია გასულ დეკადაში შექმნილი 18 სატვირთო ხომალდიდან, რომელმაც ISS-ის მომარაგებაზე უნდა იზრუნოს. გარდა ამ მოდელებისა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომარაგებაზე SpaceX-ის Dragon კაფსულა და რუსული Progress ზრუნავენ. ამ კონკრეტული ვერსიის სახელწოდებაა SS Sally Ride კოსმოსში გასული პირველი ამერიკელი ქალის პატივსაცემად.
ისევე როგორც რუსული Progress, Cyngus ტიპის კოსმოსური ხომალდი მისიის დასრულების შემდეგ დედამიწას სრული სახით არ უბრუნდება. ამ სატვირთო ხომალდის ბედი ტრაგიკულია: მას შემდეგ, რაც ISS-ზე საჭირო ტვირთს მიიტანს, მას ნარჩენებით ტვირთავენ და დედამიწის ატმოსფეროსკენ აგზავნიან, სადაც შემოსვლის შემდეგ ცეცხლი ეკიდება და ნაწილებად იშლება.
შეიძლება მისია წარმატებით დაასრულოს, თუმცა განადგურებას NG-18 Cyngus, სამწუხაროდ, მაინც ვერ გადაურჩება.
კომენტარები