შავი ხვრელი როგორც შროდინგერის კატა: სიმულაციები აჩვენებს, რომ შავი ხვრელები კვანტურ თვისებებს ავლენენ
ფიზიკოსთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა შავ ხვრელებზე, რომელიც, ამ ეტაპზე უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს.
კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს კოსმოსური გიგანტების არაერთი უცნაური კვანტური თვისება, მათ შორის მათი უნარი, ჰქონდეთ სხვადასხვა მასები ერთდროულად, ნათქვამია განცხადებაში.
კვლევა აკავშირებს შავი ხვრელების იდუმალ ქცევას კვანტური ფიზიკის უცნაურ და საინტერესო სამყაროსთან, რომელიც აჩენს ახალ ვარაუდებს და ხაზს უსვამს კოლოსალური ობიექტების გაუგებარ ქცევაზე.
ასევე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
შავი ხვრელების კვანტური თვისებების სიმულაცია
დასკვნები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Physical Review Letters-ში აჩვენებს, რომ შავ ხვრელებს აქვთ კვანტური ნაწილაკებისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე მდგომარეობა შეინარჩუნონ, ისევე როგორც ცნობილი მაგალითი — შროდინგერის კატა.
მეცნიერებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება შავი ხვრელების იდუმალი თვისებების დასაკავშირებლად კვანტური ფიზიკის პრინციპებთან, რომლებიც ხსნიან სუბატომური ნაწილაკების ქცევასა და თავისებურებებს.
"შავი ხვრელები სამყაროს უნიკალური და მომხიბლავი ობიექტებია", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჯოშუა ფუმ.
"ისინი ჩნდება მაშინ როდესაც მატერიის დიდი ნაწილის პატარა სივრცეში ჩაპრესვა ხდება. ეს ქმნის ისეთ გრავიტაციულ ძალას, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს მას. საუბარია ფენომენზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მომაკვდავმა ვარსკვლავმა. თუმცა, აქამდე, ჩვენ ღრმად არ გამოგვიკვლევია, თუ რამდენადაა შავი ხვრელები კვანტურ ფიზიკასთან დაკავშირებული", — ნათქვამია განცხადებაში.
ამ ქცევის ერთ-ერთი მაგალითია სუპერპოზიცია, სადაც სუბატომური ნაწილაკები შეიძლება არსებობდნენ რამდენიმე მდგომარეობაში ერთდროულად. მეცნიერებმა შეიმუშავეს მათემატიკური ნიმუშები, რაც ასახავდა სცენარს, რომელშიც კვანტური ნაწილაკი მოთავსდა მასიური შავი ხვრელის გარეთ.
"ჩვენ გვინდოდა გაგვეგო შეეძლოთ თუ არა შავ ხვრელებს ერთდროულად ჰქონოდათ საოცრად განსხვავებული მასები. აღმოჩნდა, რომ მათ ეს აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ როგორც მძიმე წონიანი და მაღალი, ასევე დაბალი და გამხდარი. ეს სიტუაცია დამაბნეველია, რადგან ჩვენ ტრადიციული ფიზიკის სამყაროზე ვართ მიჯაჭვული. თუმცა, ეს არის რეალობა კვანტური შავი ხვრელების შესახებ", — ამბობენ მკვლევრები.
შავი ხვრელების საიდუმლოს ამოხსნა
ფიზიკოსი ჯეიკობ ბეკენშტეინი იყო პირველი, რომელმაც ივარაუდა, რომ შავ ხვრელებს შესაძლოა კვანტური თვისებები ჰქონდეთ. ახლა, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ახალი აღმოჩენები ადასტურებს ბეკენშტეინის ზოგიერთ პროგნოზს.
"ჩვენმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ბეკენშტეინის პროგნოზები მართალი იყო. ამ მტკიცებულებების აღმოჩენა ჩვენთვისაც გასაკვირია", — ნათქვამია კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა მეცნიერებს უკვე ორი შავი ხვრელის ფოტო აქვთ, ამ მასიურ ობიექტებზე ჩვენი ცოდნა კვლავ შეზღუდულია. ეს ახალი კვლევა კი მისტიურ ობიექტებს კიდევ უფრო საინტერესოსა და იდუმალს ხდის
ასევე: შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
კომენტარები