ცხვირის ქექვა შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს
ცხვირის ქექვა ერთი შეხედვით სრულიად უვნებელი ჩვევაა, რომელიც მხოლოდ ბავშვებში არ გვხდება, არამედ ამას მოზრდილებიც ხშირად აკეთებენ. ახალი კვლევის მიხედვით, ეს შესაძლოა, ალცჰაიმერისა და, ზოგადად, დემენციის ჩამოყალიბების რისკს ზრდიდეს.
თაგვებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამბობენ, რომ ბაქტერიას ცხვირში არსებული ყნოსვითი ნერვის გავლით ტვინში მოხვედრა შეუძლია, სადაც ის ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორის ფორმირებას უწყობს ხელს.
ასევე. იხილეთ: ცხვირის ქექვა არა მხოლოდ ამაზრზენი, ჯანმრთელობისთვის საზიანოცაა
კერძოდ, სპეციალისტთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ Chlamydia pneumoniae-ს სახეობის მიკრობები ცხვირის ღრუდან ტვინამდე მიმავალ ნერვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოსახვედრად იყენებენ. ამის შემდეგ იქ ბეტა ამილოიდები ილექება, რაც ზემოხსენებული დაავადების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მეცნიერებმა სისხლში კონკრეტული მომწამვლელი ნაერთის მოხვედრა ალცჰაიმერთან დააკავშირეს. მათ დაადგინეს, რომ ბეტა ამილოიდები ტვინის გარეთა ნაწილში ფორმირდება, შემდეგ კი სისხლში ლიპოპროტეინების მეშვეობით გადადის.
"პირველები ვართ, რომლებმაც ვაჩვენეთ, რომ Chlamydia pneumoniae-ს ცხვირიდან პირდაპირ ტვინში მოხვედრა შეუძლია, სადაც ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელ პათოლოგიებს აყალიბებს. ეს თაგვების მოდელში შევნიშნეთ და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მსგავსი რამ ადამიანებისთვისაც პოტენციურად საშიშია", — აცხადებენ ახალი ნაშრომის ავტორები.
ისინი ამბობენ, რომ ცხვირის ქექვისგან და ნესტოების შიდა საფარველის დაზიანებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ამ გზით იქ ბაქტერიები ვრცელდება. მეცნიერები გეგმავენ გაარკვიონ, რამდენად შეიძლება ადამიანის ყნოსვითი ნერვი მიკრობებმა ისევე გამოიყენონ, როგორც თაგვების შემთხვევაში.
მათი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები