შეერთებული შტატების არმიამ ჰელოუინის ტკბილეული ბავშვებს HIMARS-ით დაურიგა — ვიდეო
უკრაინას ამჟამად 16 HIMARS აქვს და აშშ კიდევ 18-ს მიაწვდის, თუმცა რუს სამხედროებს ტკბილეულის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ...
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ფორტ სტილის ბაზამ ჰელოუინზე მომლოდინე ბავშვებს კანფეტები HIMARS-ის საშუალებით მიაწოდა.
HIMARS რაკეტების მობილური გამშვებია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწყებული კონფლიქტის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ფორტ სტილში, შეერთებული შტატების არმიის 1-78 საველე საარტილერიო ბატალიონმა რაკეტის გამშვები კანფეტებით დატენა და ბავშვების თავზე ტკბილეულის წვიმა მოაწყო.
"სხვას რას ელოდით ჩვენგან ჰელოუინზე? ცეცხლი!" — დაიწერა სახალისო ვიდეოს აღწერაში ფორტ სტილის Twitter ანგარიშზე
ფორტ სტილი ოკლაჰომაში მდებარე ბაზაა 10 000-იანი მოსახლეობით. აქ განლაგებულია შეერთებული შტატების არმიის საველე საარტილერიო სკოლა, სადაც ჯარისკაცები იგზავნებიან ისეთი იარაღის გამოყენების შესასწავლად, როგორიც ხსენებული HIMARS-ია. ამ ბაზებზე ჯარისკაცები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ, აქვთ სამეზობლოები და ტრადიციულ დღესასწაულებსაც ერთად აღნიშნავენ. შეიძლება, სხვებისათვის ეს ვიდეო უჩვეულო იყოს, თუმცა სამხედრო ოჯახებისათვის ეს ბაზაზე გატარებული ერთი ჩვეულებრივი დღეა.
უკრაინას ამჟამად 16 HIMARS აქვს და პენტაგონი კიდევ 18-ს გაუგზავნის. ისევე როგორც Javelin-ი, HIMARS-იც უდიდეს როლს თამაშობს უკრაინის რუსეთის აგრესიისგან დაცვის საქმეში. ამ ტექნიკამ მისცა საშუალება უკრაინელ სამხედროებს, რომ აქტიურად დაბომბონ რუსების სამხედრო წერტილები და საპასუხო დარტყმამდე გაეცალონ ტერიტორიას. შეიძლება სამხედრო ბაზაზე ტკბილეულის სასროლადაც იქნეს გამოყენებული, თუმცა რაკეტებით დატენილი HIMARS რუსულ ტანკებსა და მომარაგების ხაზებს ეფექტურად აწიოკებს.
კომენტარები