როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში
სულ მალე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. სპორტის მოყვარულებისთვის ეს ნამდვილი ზეიმია. თუმცა, ამჯერად ჩემპიონატი განსხვავებულსა და განსაკუთრებულ გარემოში ჩაივლის. ჩემპიონატს კატარი მასპინძლობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ქვეყანა.
"გაგრილების სისტემა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა კატარის სტადიონებისთვის, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ სტადიონები წელიწადის სხვადასხვა დროს ღონისძიებების მასპინძლობისთვის", — ამბობს დოქტორი მაჰფუდ ამარა, კატარის უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და სოციალურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი.
მაჰმუდ ამარას თქმით, ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია, რათა იდეალური პირობები იყოს სპორტსმენებისთვისა და გულშემატკივრებისთვის.
კატარმა, რომელიც ზოგიერთი მონაცემებით მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოს 20 ყველაზე ცხელ ქვეყანას შორის, გამოიყენა თავისი უზარმაზარი რესურსები და სიმდიდრე უდაბნოს ლანდშაფტის გადასაკეთებლად. ეს მოიცავს გასაოცარ არქიტექტურულ ნიმუშებს, მათ შორის ცათამბჯენებს, ფუტურისტულ და წარმოუდგენელ სტრუქტურებს, რომლებიც შექმნილია მოწინავე ინჟინრების მიერ.
არაბეთის ყურის კიდეზე მდებარე პატარა ნახევარკუნძულმა ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო მეტი შესანიშნავობა დაამატა თავის ბრწყინვალე არქიტექტურას. მათ შორის უზარმაზარი ცათამბჯენები, მდიდრული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, საკულტო მუზეუმები, გალერეები და ახლა მსოფლიო დონის საფეხბურთო სტადიონები.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია არის სტადიონების გაგრილების ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსსაც აღწევს, გაგრილების დახვეწილი ტექნოლოგია ამ გამოწვევასაც უმკლავდება.
ტექნოლოგია, როგორც გადაჭრის საშუალება
როდესაც კატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა ბევრს აინტერესებდა, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ქვეყანა შემაწუხებელ სიცხეს.
კატარის სიცხე გარკვეულწილად ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, აღარაფერი რომ ვთქვათ იქ სპორტული ღონისძიების გამართვაზე. შესაბამისად, თავიდან ფიფა ქვეყანას როგორც მაღალი რისკის შემცველს ისე უყურებდა.
თუმცა, ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ გამოსავალი გააჩნდათ. კატარმა მთელი სატენდერო პროცესის განმავლობაში აიღო ვალდებულება გამოიყენოს უახლესი კონდიცირების აღჭურვილობა სტადიონების, სავარჯიშო მოედნებისა და მაყურებელთა ზონების გასაგრილებლად 23 გრადუსამდე.
ორგანიზატორებმა ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად სპეციალურად 500 ადგილიანი სტადიონის პროტოტიპი შექმნეს. ის აშენდა იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს სისტემამ.
პროტოტიპმა ეფექტი მოახდინა და ეს დაეხმარა კატარს თამაშების მასპინძლობის ტენდერში გამარჯვებაში. როდესაც ეჭვები გაჩნდა ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც არასოდეს ყოფილა ამ მასშტაბის გამოყენებაში, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა ორგანომ განაცხადა, რომ თამაშებს ზაფხულშიც უმასპინძლებდნენ.
თუმცა, რისკის შესამცირებლად, ფიფამ მოგვიანებით ღონისძიება გვიან შემოდგომისკენ გადაიყვანა, როდესაც ამინდი ჯერ კიდევ თბილია, მაგრამ შედარებით გრილა.
"მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში, რაც ნიშნავს, რომ გაგრილების ტექნოლოგია ნაკლებად იქნება საჭირო. თუმცა, ყატარი მიზნად ისახავს, როგორც მისი სპორტული სტრატეგიის ნაწილს, ჩაატაროს სხვადასხვა ღონისძიებები და შეჯიბრებები წელიწადის სხვადასხვა დროებში", — განაცხადა დოქტორმა ამარამ.
მსგავსი ტექნოლოგიის ქონა კატარს მისცემს კონკურენტულ უპირატესობას რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობაში, ამბობს ის.
გამაგრილებელი ტექნოლოგია, რომელიც ყატარს ოცნებების ასრულებაში დაეხმარა
კატარის გაგრილების ტექნოლოგიების ინჟინერი არის სუდანში დაბადებული დოქტორი საუდ აბდულაზიზ აბდულ განი, მეტსახელად "Dr Cool".
"2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორების გუნდში ჩემი გაწევრიანების მიზეზი არაბული რეგიონისთვის დახმარების სურვილი იყო. ახლო აღმოსავლეთს მსოფლიოსთვის ბევრის შეთავაზება შეუძლია და ამის საჩვენებლად ფეხბურთზე უკეთესი არაფერია", — თქვა დოქტორმა განმა.
დოქტორ განის მიზანი იყო სტადიონის შიგნით მიკროკლიმატის შექმნა და შენარჩუნება, პროცესი, რომელიც არსებითად უფრო რთულია გარე სტადიონებში.
"ყველაზე დიდი გამოწვევა ღია ცის ქვეშ სტადიონის გაგრილებისთვის არის ცხელი გარე ჰაერის შეკავება. ამ დროს ხდება შიდა მიკრო გარემოსა და გარე მაკროკლიმატის ურთიერთქმედების ზუსტად განსაზღვრა", — ამბობს ის.
თავიდან ინჟინრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების 3D ბეჭდვით მოდელირება დაიწყეს. 3D დაბეჭდილი სტადიონის მოდელები აეროდინამიკურად შემოწმდა ქარის გვირაბში, რათა დადგენილიყო, როგორ ურთიერთქმედებს მათი ფორმა და ზომა ქართან და როგორ შეიძლება ამის გაუმჯობესება.
მას შემდეგ, რაც 3D დაბეჭდილი მოდელი ქარის გვირაბში მოათავსეს, კვამლი გამოიდევნა სხვადასხვა წნევით, რათა შემოწმებულიყო რეაქცია ქარზე სხვადასხვა სიჩქარით და სხვადასხვა შემომავალი მიმართულებიდან.
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ჰაერის ნაკადი დიზაინის მეშვეობით, მათ შორის, როგორ შედის და გადის ჰაერი სტადიონზე ლაზერული ფირფიტებისა და კამერების გამოყენებით. ტემპერატურა თითოეულ ფენაზე გამოითვალეს სპეციალური სითხის დინამიკის (CFD) ანალიზის მიხედვით. რიცხვითი სიმულაციები განხორციელდა სხვადასხვა ცვლადის გამოყენებით, როგორიცაა გულშემატკივრების რაოდენობა და მათი გავლენა სტადიონის შიგნით ტემპერატურის განაწილებაზე.
გუნდმა შეიმუშავა უახლესი გაგრილების ტექნიკა ფართო ტესტირებისა და კვლევის შემდეგ. იგი იყენებს პატარა ჰაერის დიფუზორებს თითოეული მაყურებლის სავარძლის ქვეშ, რათა ცივი ჰაერი გადაანაწილოს გულშემატკივრებზე და ასევე სათამაშო მოედანზე.
ცივი ჰაერის მიწოდების ორი სისტემა მუშაობს ტანდემში ბუნებრივი გაგრილების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ახალია, დოქტორ განის სტრატეგია მდგრადია. შემდეგ ჰაერი შეიწოვება, ისევ გაცივდება და გამოიდევნება ჰაერის ცირკულაციის ტექნიკის გამოყენებით. დოქტორ განის თქმით, ეს გადამუშავების პროცესი ჰაერს ხელახლა აგრილებს.
როგორ არიან მაყურებლები?
Al Jazeera-ს უფროსი ფოტოჟურნალისტი სორინ ფურკოი, რომელიც წლების განმავლობაში მოგზაურობდა რეგიონის ფარგლებში და მოინახულა რამდენიმე სტადიონი, რათა გაეშუქებინა მიმდინარე პროცესები IE-სთან საუბარში ამბობს, რომ კონდიციონერების სისტემა მშვენივრად აკეთებს თავის საქმეს.
"მე ვიყავი პირველ ოფიციალურ თამაშზე, რომელიც იყო ლუსაილის სტადიონზე და მოედანზე ძალიან ციოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 45 წუთი ვიჯექი ერთ ადგილზე", — თქვა ფუროკმა.
პირველი მატჩი ლუსაილის სტადიონზე 12 აგვისტოს, ზაფხულის პიკში გაიმართა: "მაშინ როცა გარეთ ტემპერატურა იყო 38°C და ეს დაახლოებით 50-60%-იანი ტენიანობით", — თქვა ფუროკმა. იგივე სტადიონი 2022 წლის 18 დეკემბერს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.
ლუსაილის სტადიონის განვითარებისა და მშენებლობის დროს გამოყენეს მდგრადი მშენებლობის ტექნიკა, ფიფას მიზნის შესაბამისად — მწვანე ტურნირის ჩატარება.
"რაც უფრო მაღლა ადიხარ სტადიონზე, მით უფრო ცხელა, მაგრამ მე ტრიბუნების ნახევარზე ავედი და კომფორტული იყო", — თქვა ფუროკმა.
ხელოვნური ინტელექტი ფეხბურთში
კატარში იმედი აქვთ, რომ მომავალში ზაფხულის პერიოდშიც შეძლებენ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას. ეს კი ზოგადად რეგიონში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება სპორტში, მათ შორის VAR სისტემა, რომელიც ფაქტიურად მსაჯების შეცდომას ბოლომდე გამორიცხავს. ამასთან, გვაქვს ბურთის გადაკვეთის სისტემა, რომელიც გოლის გასვლის შემთხვევაში მსაჯს ავტომატურად აძლევს ნიშანს.
მეტიც, ხელოვნური ინტელექტი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობებს დაადგენს და ამას ავტომატურად იზამს. ფიფა გამოიყენებს AI კამერებსა და სენსორებს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობები მაღალი სიზუსტით დადგინდეს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელოვნური ინტელექტი მსაჯებს უფრო მეტ და ზუსტ მონაცემს მიაწვდის სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ნახევრად ავტომატური სისტემა შედგება ბურთში მოთავსებული სენსორისგან, რომელიც წამში 500-ჯერ აფიქსირებს ბურთის პოზიციას და სტადიონის გარშემო დამონტაჟებული 12 კამერისგან. ამ ერთგვარ სათვალთვალო კამერებში მანქანური დასწავლის ტექნოლოგიაა გამოყენებული, იმისათვის რომ მოთამაშეთა სხეულებზე 29 წერტილს დააკვირდნენ.
პროგრამა ბურთის სენსორისგან და 12 კამერისგან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და ამ გზით აგენერირებს განგაშის სიგნალებს, იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეები წესებს არღვევენ. უფრო კონკრეტულად კი, ამ ეტაპზე, ყურადღება მახვილდება თამაშგარე მდგომარეობებზე, ანუ შემთხვევებზე, როცა ფეხბურთელი მოწინააღმდეგის კართან მცველზე ახლოს დგას და თანაგუნდელისგან პასს ამის შემდეგ იღებს. განგაში საკონტროლო ოთახში მყოფ ადამიანებს ეგზავნებათ, რომლებიც გადაწყვეტილებას ამოწმებენ და ატყობინებენ მსაჯებს, რა მოიმოქმედონ.
ექსპერტების აზრით, დროსთან ერთად ტექნოლოგიები სპორტში სულ უფრო გამოჩნდება. ბევრს მიაჩნია, რომ სულ მალე მსაჯებს სულაც ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. ამან კიდევ უფრო სამართლიან მატჩებს შეიძლება დაუდოს საფუძველი, სადაც მიკერძოება თუ ადამიანური შეცდომა სრულად იქნება გამორიცხული, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ სპორტითაც უშუალოდ რობოტები დაკავდებიან?!
თუმცა, ეს კიდევ სხვა თემაა და მანამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ჯერ წინ კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება, უამრავი ადამიანური ემოციითა თუ შეცდომით.
კომენტარები