ადამიანის სარეცხი მანქანა შესაძლოა, მალე რეალობად იქცეს — იაპონური კომპანიის ინოვაციური იდეა
ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანები უკვე დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ რას იტყვით მსგავს მოწყობილობაზე, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის სხეულის დასაბანადაა განკუთვნილი? შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იაპონური კომპანია Science Co. Ltd. სწორედ ასეთი ტექნოლოგიის შექმნას გეგმავს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანის სარეცხი მანქანის იდეა ახალი არაა. ჯერ კიდევ 1970 წელს, იაპონურმა ელექტრონიკის გიგანტმა Sanyo Electric "ულტრაბგერითი აბაზანის" კონცეფცია წარადგინა, მოწყობილობის, რომელიც ადამიანს დაბანდა, მასაჟს გაუკეთებდა და გააშრობდა კიდევ, რასაც სრულად ავტომატურად, 15 წუთში გააკეთებდა.
ასეთი კომერციული პროდუქტი საზოგადოებამ ვერ იხილა, მაგრამ ქალაქ ოსაკაში დაფუძნებულ Science Co. Ltd-ში ირწმუნებიან, რომ ამჯერად მსგავსი სარეცხი მანქანა რეალობად იქცევა.
მათი განცხადებით, მოწყობილობა Mirable-ს სახელით ცნობილ პროდუქტთა ხაზში გაერთიანდება და პროექტ Usoyaro-ს ფარგლებში შეიქმნება. ამისთვის კომპანია "მცირე ბუშტუკების ტექნოლოგიას" გამოიყენებს, ასევე, ჭკვიან აბაზანას სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტის სისტემით აღჭურავს.
ადამიანებისთვის განკუთვნილი სარეცხი მანქანის მიზანი არამხოლოდ მომხმარებლის სხეულის დაბანა, არამედ მისთვის დასამშვიდებელი სივრცის შეთავაზებაა, სადაც მოდუნებაში შესაბამისი მელოდია და წყალგაუმტარ მონიტორზე გამოსახული სურათებიც დაგეხმარებათ.
სენსორებით სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვების მდგომარეობა გაკონტროლდება, მიღებული ინფორმაციით კი ხელოვნური ინტელექტი იხელმძღვანელებს. AI ამ მონაცემების საფუძველზე მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაზე იზრუნებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ადამიანის სარეცხი მანქანის ფუნქციური მოდელი 2024 წლისთვის იქნება მზად, რომელსაც Expo 2025-ზე წარადგენენ.
კომენტარები