ინტერნეტში iPhone 15-ის დიზაინის გარკვეულმა თავისებურებებმა გამოჟონა. როგორც ჩანს, კომპანია მომხმარებელს რადიკალურ ცვლილებებს შესთავაზებს. ამ ცნობების მიხედვით, Apple-ის ფლაგმანს ამჯერად, გარდა კამერის ცვლილებებისა, განსხვავებული, უპრეცედენტო მასალისგან შექმნილი კორპუსი ექნება.

პრემიუმ სმარტფონებში Apple 2017 წლიდან (ანუ iPhone X-ის შემდეგ) უჟანგავ ლითონს იყენებს, თუმცა ცნობილი ინსაიდერი LeaksApplePro ამტკიცებს, რომ ამჯერად iPhone 15 Ultra-ს (Ultra შეცვლის Pro Max-ს) ტიტანიუმისგან შექმნილი კორპუსი ექნება. ტიტანიუმი უჟანგავ ფოლადზე ბევრად მყარი და მსუბუქია, თუმცა მისი ფასი წინამორბედისას ბევრად აღემატება.

თუ ჯერ კარგ ამბებზე ვისაუბრებთ, ტიტანიუმი უჟანგავ ფოლადზე ბევრად აღმატებული მასალაა, რომელიც დაახლოებით იმავე სიმყარის შემთხვევაში საერთო წონას 40%-ით შეამცირებს. სწორედ ამიტომ გამოიყენება ეს ძვირადღირებული ნივთიერება თვითმფრინავის ნაწილებში.

მეტიც, თანაბარი წონის შემთხვევაში, ტიტანიუმი ფოლადზე თითქმის 4-ჯერ მყარია. ეს Apple-ს არჩევანის წინაშე აყენებს: შეამციროს iPhone 15 Ultra-ს წონა სიმტკიცის შემცირების გარეშე; დატოვოს წონა უცვლელად, მაგრამ შექმნას ყველაზე მყარი სმარტფონი ან, რაც ყველაზე მოსალოდნელია, იპოვოს ბალანსი ამ ორ მახასიათებელს შორის.

ერთი შეხედვით, ტიტანიუმის უპირატესობა უკონკურენტოა, თუმცა მიზეზი, რის გამოც სმარტფონებში მას ვერ ვხვდებით, ფასია. 1 კილოგრამი უჟანგავი ფოლადის ფასი 1-1.50 დოლარია, რაც სასაცილოდ იაფია ტიტანიუმის 35-50 დოლართან კილოგრამში. განსხვავება კოლოსალურია, რაც ამ სიახლეს განსაკუთრებულად შოკისმომგვრალად აქცევს.

ფოტო: ALIARTIST3D

უდიდესი ალბათობით, ეს ფაქტი iPhone 15 Ultra-ს ფასს საგრძნობლად გაზრდის. მეორე მხრივ, გადაწყვეტილება რისკიანია ახალი iPhone 14-ის ფასების ზრდის გამოც. მიუხედავად ამისა, Apple-მა უკვე დიდი ხანია დაგვანახა, რომ აპირებს პროდუქციის კონკრეტულ ხაზებში "საუკეთესოთა შორის საუკეთესო" კატეგორია ჩაამატოს, რისი ნიშანიც, შესაძლოა Pro Max-ის ჩანაცვლება და Ultra-ს შემოტანა იყოს.

თუ სტანდარტული მოდელების პრობლემებს ამ სიახლეს დავამატებთ ჭორებს იმის შესახებ, რომ ახალ ულტრა მოდელს Thunderbolt 4-ის UCB-C პორტი, წყვილი წინა კამერა და სამნანომეტრიანი A17 ჩიპი ექნება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Apple-ი აპირებს გამოუშვას სმარტფონი, რომლის გამოც მომხმარებელი მზად იქნება, ყველაფერზე წავიდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.