საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს
საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობითა და DeGameFi-ს ორგანიზებით, 22-23 ოქტომბერს, თბილისი შერატონ მეტეხ პალასში, პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია ჩატარდება.
ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე აქტიური იქნება 6 ძირითადი სივრცე, ესენია: მთავარი საკონფერენციო და ტექნოლოგიური/საგანმანათლებლო ოთახები, სადაც დაგეგმილია სპიკერთა გამოსვლები; ბიზნეს ექსპო, რომელიც განკუთვნილია ინსტალაციებისა და ნეთვორქინგისთვის; სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი პროექტის წარდგენას მსოფლიო დონის ექსპერტებთან და ასევე მოეწყობა NFT გალერეა, რომელიც დაეთმობა როგორც მსოფლიო დონის, ისე ადგილობრივ NFT ხელოვანებსა და პროექტებს.
"ჩვენ ოპერირების დღიდან, web3-ის მიმართულებით აქტიურად ვაორგანიზებთ ყოველთვიურ ღონისძიებებსა თუ შეხვედრებს. სექტემბერში BNB Chain-თან თანამშრომლობით ჩავატარეთ პირველი web3 ჰაკათონი რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ DeGameFi არის საქართველოში პირველი და ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც კონკრეტულად web3 მიმართულებით მუშაობს და აერთიანებს 300-ზე მეტ პროფესიონალს ამ სფეროდან. ამჟამად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას 1000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს და მოწვეულნი იქნებიან საინტერესო სპიკერები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და web3 სფეროს პროფესიონალები", — განაცხადა DeGameFi-ის თანადამფუძნებელმა, მიხეილ დიდებულიძემ.
DeGameFi არის ქართული კომპანია, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიზანია, რეგიონში დეცენტრალიზებული სისტემის პოპულარიზაცია, ერთიანი საზოგადოების შექმნა და, ზოგადად, web3 პროექტების მხარდაჭერა. DeGameFi აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებსა და დეცენტრალიზებული სისტემით დაინტერესებულ ადამიანებს.
"საქართველოს ბანკი ყოველთვის მხარს უჭერს მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი ღონისძიების მთავარი პარტნიორი, როგორიცაა საერთაშორისო web3 კონფერენცია, რომელსაც კავკასიის რეგიონში თბილისი უმასპინძლებს. ეს ღონისძიება განსაკუთებით მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპერებისა თუ web3-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან მათ მისცემს შესაძლებლობას, ადვილად დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო კომპანიებთან, გაიცნონ დარგის ლიდერები და დააინტერესონ უცხოელი ინვესტორები. ღონისძიებაზე პანელური დისკუსიის დროს ვისაუბრებთ საქართველოს ბანკის "ინვესტიციებზეც", რომლის დახმარებითაც მობაილბანკში შესაძლებელია გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Tesla, Microsoft, Apple და ა.შ. Bank of Georgia Update-ის დროს უკვე დავაანონსეთ, რომ პლატფორმას კრიპტოვალუტით ვაჭრობაც დაემატება", — განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
კომენტარები