სოციალური მედიის გამოყენება დეპრესიის რისკს ზრდის — კვლევა
არკანზასის, ორეგონისა და ალაბამის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალური მედიის გამოყენებასა და დეპრესიის ჩამოყალიბებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
ავტორები ამბობენ იმასაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის ადამიანი სარგებლობს სოციალური მედიით — თუ ამას დღეში 5 საათს ან უფრო მეტ დროს უთმობთ, დიდი შანსია, მსგავსმა მიჯაჭვულობამ სულ რაღაც 6 თვეში მენტალური პრობლემა წარმოშვას.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სხვა ადამიანთა ცხოვრებასთან საკუთარი ყოფის შედარებას მოაქვს, რამაც შესაძლოა, ცუდად გვაგრძნობინოს თავი და უკმარისობის განცდა გაგვიჩინოს. ეს ყველაფერი უარყოფით ემოციებს ედება საფუძვლად და დეპრესიის რისკს ზრდის.
"პირველ რიგში უარყოფით შიგთავსით დაინტერესება ასევე ასეთ გრძნობებს ამძაფრებს", — აცხადებენ მეცნიერები.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოციალური მედიისთვის ამდენი დროის დათმობა ადამიანთა იზოლირებას იწვევს, რადგან მათ სხვებთან ურთიერთობა ნაკლებად აქვთ და სახლის გარეთ ამა თუ იმ აქტივობითაც არ კავდებიან.
კვლევისთვის ავტორებმა 18-დან 30 წლამდე ასაკის 1000 ამერიკელის მონაცემები გააანალიზეს, რომელიც 2018 წლის გამოკითხვიდან მოიპოვეს. მათ, ასევე, ადამიანთა პიროვნული მახასიათებლების დიდ ხუთეულზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც სხვებისადმი გახსნილობას, ექსტრავერსიას, კეთილსინდისიერებას, ემპათიურობასა და ნევროტიზმს მოიცავს.
დადგინდა, რომ სოციალური მედიის დიდხნიანი გამოყენების შედეგად, თუნდაც ყველაზე ნაკლებად ნევროტული და ყველაზე მეტად გახსნილი ადამიანებიც კი დეპრესიის ჩამოყალიბების რისკის წინაშე იყვნენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო და უფრო იჭრება. მათი თქმით, მენტალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სოციალური მედიის გავლენა უკეთ უნდა გავიაზროთ და ასეთი პლატფორმების გამოყენების დრო შევამციროთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Affective Disorders Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები