ჰაკერებმა უმსხვილესი კრიპტო ბირჟიდან ნახევარი მილიარდი დოლარი მოიპარეს
Binance — ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟა კიდევ ერთხელ დაჰაკეს. ამჯერად ზარალი ძალიან დიდია. ჰაკერებმა დაახლოებით 570 მილიონი დოლარის ღირებულების BNB ტოკენი მოიპარეს, იტყობინება CNBC.
"ეს სამწუხარო ამბავია და ჩვენ ვცდილობთ ყველაფერში გარკვევას. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. მალე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", — Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ დაწერა ტვიტერზე.
BNB ბლოკჩეინი მოიცავს როგორც BNB Beacon Chain-ს, ისე BNB Smart Chain-ს. ჰაკერებმა ორი მილიონი BNB მონეტა მოიპარეს, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 570 მილიონი აშშ დოლარის ღირებულეისაა.
ასეთ სისტემებზე თავდასხმები ადრეც ხდებოდა. ამ წლის დასაწყისში ჰაკერებმა Nomad-ის სისტემა გატეხეს, რა დროსაც 190 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტო მოიპარეს.
ბლოკჩეინის ანალიტიკური ფირმა Chainalysis-ის მოხსენების მიხედვით, მთლიანობაში მხოლოდ 2022 წელს ჰაკერებმა 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოს მითვისება შეძლეს.
ექსპერტების თქმით, ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება.
კომენტარები